ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კოკოითი: ტატუნაშვილი დივერსანტი თუ იყო, მტკიცებულებებია საჭირო

30 მარტი, 2018 • 10877
კოკოითი: ტატუნაშვილი დივერსანტი თუ იყო, მტკიცებულებებია საჭირო

ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი [2001-2011], რომელსაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა და უარი უთხრეს, მედიასთან საუბარში ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციასა და საქართველოს ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

“ტატუნაშვილის სიკვდილი ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. იგი რომ დივერსანტი ყოფილიყო, ყველა მტკიცებულება უნდა წარადგინო, თუმცა აღნიშნულ სიტუციაში ეს არის პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შორსმიმავალი შედეგით. არ გამოვრიცხავ, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციაში სწორედ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გარეული. სხვა შემთხვევაში როგორ უნდა ახსნა ის, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში.. კარგი, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ სიტუაციის გაწელვით, საქართველო მთელ ინფორმაციას აწვდის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ემუქრება რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ, ოსები მაღალკულტურული ერი ვართ და აღნიშნულ შემთხვევაში ეს ოსეთის იმ რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რომელსაც საჯაროდ დავსვამ”, – აცხადებს კოკოითი.


მოკლედ:

22 თებერვალი: საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოსურმა მხარემ დააკავა.

23 თებერვალი: ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.

20 მარტი:  ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცა – თითქმის ერთი თვის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

21 მარტი: ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

23 მარტი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი