II მსოფლიო ომში ტყვეობაში დაღუპული ქართველი მეომრების საფლავებს მიაგნეს

გერმანიაში მცხოვრებმა მეგი სტემპენმა პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში დაღუპული 23 ქართველი მეომრის საფლავები იპოვა, რომელთა ნაწილი საბჭოთა ხელისუფლებამ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნია. მეგი სტემპენი მათ შთამომავლებთან დაკავშირებას ცდილობს.  

გერმანიასა და პოლონეთში მიკვლეული საფლავები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მეომრებისაა, რომელთა ნათესავებს საბჭოთა კავშირმა განუცხადა, რომ ისინი უგზო–უკვლოდ დაიკარგნენ.

“დაიკარგა უგზო–უკვლოდ 1943 წლის მარტში” – ეს ბარათი მისცეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრის, ნიკო ქავთარაძის შვილს, რომელიც მოსკოვშიც ჩავიდა მამის საძებნელად. მას შემდეგ ნიკო ქავთარაძის ძებნა შეწყვიტეს.

75 წლის შემდეგ, 2018 წლის თებერვალში, ქავთარაძეების ოჯახი მეგი სტემპენმა ფეისბუკის საშუალებით იპოვა. აცნობა, რომ ნიკო ქავთარაძის საფლავს შემთხვევით მიაგნო და სთხოვა, დაღუპული ჯარისკაცის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში დახმარებოდა.

ჩანაწერების მიხედვით, ნიკო ქავთარაძე Stallag Luft III–ის საკონცენტრაციო ბანაკში (დღევანდელი პოლონეთი) მოხვდა. ამ ბანაკში, სავარაუდოდ, ერთი წელი გაატარა და 1944 წლის 1 თებერვალს დაღუპულა. მეგი სტემპენის თქმით, ეს  ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანაკი იყო, სადაც ომის ტყვეებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

მაკა ქავთარაძე, ნიკოლოზ ქავთარაძის შვილიშვილი

“პაპაჩემი 1912 წელს დაიბადა. სოფელი ჩადისციხეში, ფასანაურთან ახლოს. ძალიან მძიმე პირობებში გაიზარდა. მისი მშობლები რომელიღაც დაავადების გამო დაიღუპნენ. 12 წლისა ფასანაურში ჩამოვიდა, სადაც ლადო გუდიაშვილის ბიძამ, დიმიტრიმ იშვილა. 12 დედმამიშვილი ჰყავდათ. მეცამეტე პაპა იშვილეს.

მათი ქონება შუაზე გაიყო: ერთი ნახევარი 12 შვილს გაუნაწილეს და მეორე ნახევარი პაპას აჩუქეს, სადაც ამჟამად მამაჩემი ცხოვრობს.

ნიკო ქავთარაძის ფოტო ფრონტიდან. ფოტო: ოჯახის არქივიდან

პაპას აქ პურის წერტი [მაღაზია] ჰქონია. მაშინ ტალონებზე იყო პური და პაპაჩემი გაჭირვებულებსაც აძლევდა, თვითონ იკლებდა და სხვას აძლევდაო. რამდენიმე მოხუცებულია, რომლებსაც ახსოვთ პაპაჩემი. ომში რომ წავიდა, ვტიროდით, რა გვეშველება, ვინ მოგვცემს პურსო.

პაპა ომში 1941 წელს მოხალისედ წავიდა. ორი მცირეწლოვანი შვილი დატოვა: მამაჩემი 6 წლის იყო, მამიდაჩემი – ორის. ასეთ გაჭირვებულ ცხოვრებაში მაინც არ გაჩერდა და იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ ვერ მოესწრო.

1943 წლამდე მოგვდიოდა სამკუთხა წერილები. ბებიაჩემს მოსდიოდა წერილები, გახარებული ყოფილა, მალე გავიმარჯვებთო. ასტრახანიდანაც გვაქვს ჩვენ წერილები, ასტრახანშიცაა ნამყოფი. პოლონეთშიც ყოფილა.

1943 წლის მარტამდე მოგვდიოდა წერილები, მერე ვიფიქრეთ, რომ დაიღუპა. იქამდე ძალიან დიდი ენთუზიაზმით იყო განწყობილი, ნუ გეშინია, ნინო [ცოლი], მშვიდად დაიძინე, ბავშვებს მიმიხედე მარტო, მე აუცილებლად დავბრუნდები გამარჯვებული, სამშობლოსაც ვადგავარ და მთელ ფასანაურსაც გამოვადგებიო. საცოდავი, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ტყვედ აუყვანიათ.

დიმიტრი ფოცხვერაშვილის საფლავი გერმანიაში. ფოტო: მეგი სტემპენი

შტალაგის ტყვეთა ბანაკი ყოფილა რაღაც საშინელება. აქ თურმე ტყვეებს იმდენად აწამებდნენ, ექსპერიმენტებს უტარებდნენ. დღედაღამე ეყარნენ მიწაზე, ზოგი თავს იკლავდაო. პაპაჩემმა 1944 წლის თებერვლამდე იცოცხლა  და 1 თებერვალს გარდაცვლილა.

მამიდაჩემი მოსკოვშიც იყო, ვიღაც მოუძიებია, მერე გაუგია, რომ გარდაცვლილიაო… არ იცოდა ადგილი, სად იყო,  როგორ იყო, ძმათა სასაფლაო იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ უგზო-უკვლოდ დაღუპული იყო. გამოჩნდა ეს გოგო, მეგი სტემპენი, უფალმა გამოგვიგზავნა. ამ გოგომ გამოგვიგზავნა პაპას სურათი. ვერ აღგიწერთ, რამხელა ბედნიერება იყო. მამას არ ვეუბნებით. ის საშინლად არის მკვდარი, წელიწადი და ერთი თვე საშინელ პირობებში უწევდა ყოფნა, აწამებდნენ და საშინელ ექსპერიმენტებს უტარებდნენ.

სხვა საფლავები

მეგი სტემპენი 10 წელია გერმანიაში, ქალაქ ქემნიცში ცხოვრობს. მან დიდი ბაბუის, ჭოლა თედორაძის საფლავის ძებნა 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ვერ იპოვა.

ფოტოს ცენტრში – ჭოლა თედორაძე მეორე მსოფლიო ომში. ფოტო: მეგი სტემპენი

მეგი სტემპენის ბაბუა 1941 წელს გაიწვიეს ომში. გერმანულ ფონდებთან თანამშრომლობის შემდეგ გამოიკვლია, რომ არანაირი ინფორმაცია მის შესახებ არაა დაცული და სავარაუდოდ გერმანიის ტერიტორიაზე არც ყოფილა.

გერმანული საარქივო მონაცემების მიხედვით, აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მეგიმ 23 საფლავს მიაკვლია. დარწმუნებულია, რომ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე უფრო მეტი საფლავი იქნება.

“ბაბუა ვერ ვნახე, სამაგიეროდ სხვა ბაბუები ვნახე და ესეც კარგია”, – ამბობს მეგი სტემპენი.

შტალაგის ტყვეთა ბანაკს ომის ტყვეები 2 წლის განმავლობაში, 1939–1941 წლებში, აშენებდნენ. ამ ადგილას 40 000 ადამიანია დაკრძალული. მეგი დარწმუნებულია, რომ ამ სასაფლაოზე ბევრი ქართველი ჯარისკაცის საფლავი იქნება.

პავლე სახანბერიძის საფლავი გერმანიაში ფოტო: მეგი სტემპენი

მეგიმ ნიკო ქავთარაძის საფლავის შესახებ ცნობა ინტერნეტ-რესურსების საშუალებით მიიღო და აპირებს, რომ როცა შეძლებს, პოლონეთში ჩავიდეს. იგი გერმანიაში,  ქემნიცში ცხოვრობს. ქემნიცის სასაფლაოზე კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის, დიმიტრი ფოცხვერაშვილის საფლავს მიაკვლია.

დიმიტრი ფოცხვერაშვილი ზესტაფონიდან იყო. იგი 1943 წლის 28 ივლისს 24 წლის ასაკში დაიღუპა. შვილი არ ჰყავდა, მისი ძმისშვილიშვილები დღეს ზესტაფონში ცხოვრობენ, მეგი მათაც დაუკავშირდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ფოცხვერაშვილის ოჯახს უთხრა, რომ ისიც უგზო–უკვლოდ დაიღუპა.

კიდევ ერთი საფლავი, რომელსაც მეგი სტემპენმა მიაკვლია და ნახა, პავლე სახანბერიისაა. მისი საფლავი ჰოენშტალ–ენთჰალის საერთო სასაფლაოზეა. ამ სასაფლაოზე კიდევ ორი ქართველი მეომრის, არტაში კისიშვილის, იოსებ ჩიხლაძისა და შაქრო კირეშიძის საფლავებია. ამ სასაფლაოზე კოლონიაში დასაქმებული და ლაზარეთში დაღუპული ომის ტყვეები არიან დასაფლავებული.

მეგი დაუკავშირდა პავლე სახანბერიძის შთამომავლებს, ისინი დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ცხოვრობენ. მათაც უთხრეს, რომ სახანბერიძე უგზო–უკვლოდ დაკარგული იყო.

მეგი ამბობს, რომ კიდევ ბევრი მეომრის საფლავებს იპოვის, რადგან მის ხელთ არსებული სიის ნაწილი აქვს შესწავლილი.

დაღუპული მეომრების საფლავები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მეგი სტემპენმა გაავრცელა:

  1. ქავთარაძე ნიკოლოზ
    1901 – 1942
  2. ბაქიძე/Bakidze არკადი
    1919 – 26.04.44
  3. ჩოჩიაშვილი/Chochiaschvili აკაკი
    იაკობის ძე
    1919 – 18.04.1942
    ქვედა სიმონეთი
  4. ჯანგულაშვილი ვასილი
    ივანეს ძე

    1925 – 12.05.46
  5. ჯაკუბიძე პავლე
    14.01.1905 – 24.08.44
  6. კაბატაძე/Kabatadze სევ.
    არჩილის ძე
    1908 – 21.08.44
    წოდება-ლეიტენანტი
  7. ქისიშვილი არტაში
    არსენის ძე
    18.12.1907 – 06.07.1944
    სოფელი ველები/ გორი
  8. კვაზიგიშვილი/ Kwazigischvili გიორგი
    ალექსანდრეს ძე
    1923 – 27.08.45
  9. კირეშიძე შაქრო
    05.10.1908 – 16.06.41
  10. ჩიხლაძე იოსები
    15.01.1901 – 13.02.1943
    სოფელი ალვანი
  11. მჭედლიშვილი/Mitschedweschvili დიმიტრი
    1920-02.07.45
  12. ნასყიდაშვილი ნიკოლოზი
    ივანეს ძე
    10.08.1900 – 12.03.43
    ქალაქი თბილისი
  13. ორჯონიკიძე პეტრე
    ნიკოლოზის ძე
    დაიღუპა – 14.06.45
  14. ოთუნაშვილი გიორგი
    დავითის ძე
    01.03.1906 – 18.01.1943
  15. ფოცხვერაშვილი დიმიტრი
    მახარის ძე

    15.05.1919 – 28.07.43
    ზესტაფონი
  16. რობაქიძე არკადი
    როშდენის ძე

    1900 – 28.04.45
  17. სახამბერიძე პავლე
    15.03.1900 – 25.03.45
    სოფელი ხანი
  18. სარნაძე ნიკოლოზი
    ევგენის ძე
    1917 – 07.08.45
  19. ჩახუნაშვილი ტალოსტი
    ალექსანდრეს ძე
    1919 – 09.01.43
    ამბროლაური
  20. კისიშვილი არტაში
    18.12.1907 – 06.07.1944
    გორი, სოფელი ველები
  21. კირეშიძე შაქრო
    05.10.1908 – 16.06.1944
  22. ჩიხლაძე იოსები
    15.01.1901 – 13.02.1942
    ახმეტა, სოფელი ალვანი
  23. არუშანაშვილი მიხეილი
    მიხეილის ძე
    1901 ან 1910 – 04.07.1945
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com