ყანდიაშვილი: მედია ივანიშვილის და სააკაშვილის მთავრობებს ერთნაირად არ უნდა მიუდგეს

“პრემიერს აქვს მოთხოვნა მედიისადმი, რომ იყვნენ უფრო მომზადებული”, “ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ ვინმეს ვუთხრათ, რა, როგორ გააკეთოს, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოჩენილი ფაქტად, ამაში გვაქვს პრობლემა”, – ეს განცხადებები მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კოკა ყანდიაშვილმა გააკეთა გადაცემა “პოზიციაში”.

ყანდიაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რა პრობლემებს ხედავს ბიძინა ივანიშვილი მედიაში და როგორი მედიის ხილვა სურს მას. კოკა ყანდიაშვილმა პრემიერ–მინისტრისა და მედიის ურთიერთობა გზაზე მიმავალ მანქანებს შეადარა და განაცხადა, რომ მედია მუდმივად არღვევს მოძრაობის წესებს, ივანიშვილი კი ცდილობს, რომ შეჯახება არ მოახდინოს:

 

“საზოგადოება რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აქვს ორი ძირითადი საყრდენი- სიმართლე და თავისუფლება. თავისუფლება მედიას აქვს, სიმართლის თვალსაზრისით მოიკოჭლებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, შორს ვართ იმისგან, რომ ვინმეს ვუთხრათ, რომ გააკეთოს რაიმე, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოჩენილი ფაქტად, ამაში გვაქვს პრობლემა.

კოკა ყანდიაშვილი
კოკა ყანდიაშვილი

 

ჩვენთან მედიაში ყველა ჟანრი არის განადგურებული, დარჩენილია საინფორმაციო სიუჟეტის ჟანრი, სადაც შეიძლება ფაქტიც კი არ იყოს მოწოდებული. პრემიერს არ აქვს განცდა, რომ რაიმე მიუთითოს მედიას, მას აქვს სურვილი დიალოგის. მას აქვს მოთხოვნა მედიისადმი, რომ იყვნენ უფრო მომზადებული, რადგან სულ ორი–სამი გამოცემაა, სადაც რაღაცას განიხილავენ უფრო ღრმად”, – აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.

მისი თქმით, მედია ივანიშვილის ხელისუფლებას არ უნდა უდგებოდეს ისე, როგორც სააკაშვილსის მთავრობას:

“9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლება ფაქტიურად მართავდა მედიას და თავისუფლების ძალიან პატარა კუნძულები იყო, მედია დღეს ამ თავისუფლებაში ივანიშვილის ხელისუფლებას უდგება ისევე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას, რაც არ არის სწორი, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს ჩადენილი არანაირი დანაშაული. მინისტრებს არ აქვთ განცდა, რომ რაიმე ჩაიდინეს”, – განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს მედიასთან ურთიერთობის გაფუჭებას:

“პრემიერ- მინისტრს მედიისადმი დამოკიდებულება აქვს უკიდურესად დადებითი, ის არ აპირებს მედიასთან ურთიერთობის გაფუჭებას. 9 წლის მანძილზე საქართველო სიმართლეს ჩურჩულით ეუბნებოდა ერთმანეთს, დღეს ყველაფერი შეგიძლია თქვა, სადაც გინდა, და ეს არის ყევლაზე დიდი მონაპოვარი, რაც მან მოუტანა საქართველოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩურჩული არ დაბრუნდეს”, – განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ანი ბერუკაშვილი