ახალი ამბები

გუგული მაღრაძე: დაგროვებითი საპენსიო ფონდისთვის ხელფასიდან გარკვეულ ნაწილს გადავიხდით

18 ოქტომბერი, 2013 • • 945
გუგული მაღრაძე: დაგროვებითი საპენსიო ფონდისთვის ხელფასიდან გარკვეულ ნაწილს გადავიხდით

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გუგული მაღრაძის განმარტებით, 2014 წელი დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნისთვის მოსამზადებელი პერიოდი იქნება, შემუშავდება კონცეპტუალური საკითხები, 2015 წელს კი, შესაძლოა, ფონდმა უკვე მუშაობა დაიწყოს. 

 

“მექანიზმი ასეთია, ჩემი ხელფასიდან ვიხდი გარკვეულ ნაწილს. რამდენი უნდა გადავიხადოთ, როგორი მექანიზმით, ჯერ შემუშავებული არ არის. შესაძლოა, მე ჩემი ხელფასიდან, საშემოსავლო 20%-ის გარდა, 1%, ან 2%, 5% გადავიხადო. გააჩნია, სად მუშაობ, საჯარო, კერძო სექტორში; რა უფრო მისაღებია ქვეყნისთვის, ვინ გააკეთებს ამის ადმინისტრირებას და ა.შ. ეს ყველაფერი 2014 წელს უნდა შემუშავდეს. ბაზაში უნდა განისაზღვროს საშუალო და ახალგაზრდა თაობა, მათ უნდა შეიტანონ ის ფული, რომელიც შემდეგ დაგროვებით ფონდს შექმნის. ეს რთული პროცესია,”- ამბობს მაღრაძე. 

 

მისივე თქმით, დღევანდელ პენსიას არ შეიძლება ეწოდოს პენსია.

 

“დღევანდელი პენსია, ფაქტიურად, ეს პენსია არ არის. ამას შეიძლება დავარქვათ სოციალური შემწეობა, იმიტომ, რომ ყველას თანაბრად ასაკის გამო ეძლევა. აქ არ აქვს მნიშვნელობა, რა სტაჟი გქონდა, რა ხელფასი, რამდენი ხანი მუშაობდი, როგორ მუშაობდი და ა.შ.  როდესაც ადამიანი, რომელიც მუშაობს, თავისი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს აგროვებს საპენსიო ფონდში, ის იგროვებს იმ თანხას, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ მიეცემა. დაგროვებითი საპესიო ფონდი სამართლიანია, ადამიანს შეუძლია თავისი სიბერე გაცილებით უკეთ უზრუნველყოს, ვიდრე დღეს არის ამის შესაძლებლობა.” 

 

მთავრობამ 2014 წლის ბიუჯეტში დაგროვებითი პენსიის სიტემაზე გადასვლის მექანიზმი ჩადო. ამის შესახებ დღეს, 18 ოქტომბერს ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

 

“დაგროვებითი პენსიის არსი გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი მოქალაქე. აქტიური მუშაობის პერიოდში, თავის საშემოსავლოდან ავტორიზებული თანხის რაოდენობას გამოყოფს საპენსიო ფონდისთვის, მერე რომ ჰქონდეს გარანტირებული მაღალი პენსია”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი