ახალი ამბებისამართალი

აქტივისტების არაადამიანურად მოპყრობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელები 3 წლით დააპატიმრეს

29 მარტი, 2018 • 1700
აქტივისტების არაადამიანურად მოპყრობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელები 3 წლით დააპატიმრეს

29 მარტს სასამართლომ პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს 2011 წელს გამართული აქციის მონაწილეების არაადამიანურად მოპყრობის ბრალდებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ. ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ. ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის მაისში თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები “სახალხო კრების” წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.

გამოძიების ცნობით, იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დააკავეს აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების 14 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30-დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ  და ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში არსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში განათავსეს.

გამოძიების ინფორმაციით, პატიმრების შეყვანის შემდეგ იზოლატორის უფროსმა თ. ვ-მ მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.

2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელ ვ.ს-ს საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ  დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, აიძულებდნენ საათობით ფეხზე დგომას და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით, აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილ უფროსს თ.ვ-ს და ამავე იზოლატორის ყოფილ ინსპექტორს ვ.ს-ს საქართველოს სსკ-ის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, ,”დ“, “ვ“ და ,”ზ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდათ და განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე, თითოეულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი