ახალი ამბები

მალალა იუსაფზაი თავდასხმიდან ექვსი წლის შემდეგ პაკისტანში დაბრუნდა

29 მარტი, 2018 • 4088
მალალა იუსაფზაი თავდასხმიდან ექვსი წლის შემდეგ პაკისტანში დაბრუნდა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი მალალა იუსაფზაი პირველად დაბრუნდა პაკისტანში მას შემდეგ, რაც თალიბებმა თავში ესროლეს. მას შემდეგ 6 წელი გავიდა.

პაკისტანში მისი ჩასვლის შესახებ დეტალები, უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული იყო.

მალალა იუსაფზაი ახლა 20 წლისაა და ადამიანის უფლებების დამცველია. 2012 წელს სკოლის ავტობუსში თალიბებმა იმის გამო ესროლეს, რომ ქალების განათლებისთვის იბრძოდა.

იგი პრემიერ-მინისტრს შეხვდა და განაცხადა, რომ მისი ოცნება იყო, პაკისტანში ყოველგვარი შიშის გარეშე დაბრუნებულიყო, შეძლებოდა ქუჩაში თავისუფლად სიარული, ხალხთან შეხვედრა და საუბარი.

 

11 წლის ასაკში მალალა იუსაფზაიმ BBC-ისთვის დაიწყო ანონიმური დღიურების წერა, სადაც თავის ცხოვრებას აღწერდა თალიბანის მმართველობის ქვეშ. მოგვიანებით ქალების განათლებისთვის დაიწყო ბრძოლა. 15 წლის იყო, როდესაც შეიარაღებულმა თალიბმა სკოლის ავტობუსში თავში ესროლა.

BBC-ის ცნობით, თალიბანმა მაშინ განაცხადა, რომ მალალას იმის გამო ესროლეს, რომ “პრო-დასავლელი” იყო და “პაშტუნში დასავლურ კულტურას უჭერდა მხარს”.

მალალა სიცოცხლისთვის საშიშ ჭრილობას გადაურჩა – მას თავის ქალის ნაწილი მოაცილეს, რათა ტვინის შეშუპება განეკურნათ. მას შემდეგ, რაც პაკისტანის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარება ჩაუტარდა, შემდგომი მკურნალობისთვის გადაიყვანეს ინგლისში, სადაც ოჯახთან ერთად გააგრძელა ცხოვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი