ახალი ამბები

საქართველო თბილისიდან რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს

29 მარტი, 2018 • 3258
საქართველო თბილისიდან რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. უწყების განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

“სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში”, – აცხადებენ უწყებაში.

სკრიპალების საქმის ირგვლივ ეს რუსი დიპლომატების გააძევების პირველი შემთხვევა არაა. დიპლომატები ისეთი ქვეყნებიდან გააძევეს, როგორიცაა აშშდიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა. საფრანგეთი და პოლონეთი 4-4 დიპლომატს გააძევებენ. ლიტვა და ჩეხეთი 3-3 დიპლომატის გაძევებას აპირებენ. დანია, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ესპანეთი  2-2 დიპლომატს გააძევებენ. ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და ხორვატია კი, თითო-თითო დიპლომატს.  უკრაინა 13 დიპლომატის, კანადა 4-ის, ალაბანეთი 2-ის და ნორვეგია თითო-თითო დიპლომატის გაძევებას აპირებენ.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ოდესმე პასუხს მოსთხოვდა. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი