ახალი ამბები

ლაშა მესხი: სასამართლომ საზმაუს ჩემი სამსახურში აღდგენა დაავალა

29 მარტი, 2018 • 3631
ლაშა მესხი: სასამართლომ საზმაუს ჩემი სამსახურში აღდგენა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისი ყოფილი თანამშრომლის, ლაშა მესხის სამსახურში აღდგენა დაავალა. ამის შესახებ ლაშა მესხი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისი სამსახურში აღდგენა განაცდურის სრული ოდენობის ანაზღაურებასთან ერთად დაევალა .

https://www.facebook.com/lasha.meskhi.3/posts/10209446436672838

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადვოკატს, დიმიტრი ბერძენიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, საზმაუ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რაც შეეხება ლაშა მესხს, ნეტგაზეთისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ, მიუხედავად იმისა, სასამართლო დავა ერთი წელიწადი მიმდინარეობდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია დადგინდა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზმაუ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მზად არის საქმეს ბოლომდე გაჰყვეს.

1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის და მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის, ლაშა მესხის შესაძლო დისკრიმინაციული წესით სამსახურიდან გამოშვების საკითხის განხილვა დაიწყო.

ლაშა მესხი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე  „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ 2014 წლიდან მუშაობდა. მესხი აცხადებს, რომ 2016 წლის მაისში დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ხშირად გამოთქვამდა საჯაროდ კრიტიკულ მოსაზრებებს.

2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლაშა მესხთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს 2017 წლის ივნისში საქართველოს სახალხო დამცველმა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართეს, მაგრამ არხის მენეჯმენტმა მათი რჩევა/მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი