ახალი ამბებიგართობახელოვნება

კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე “სელფების” გადაღება იკრძალება

28 მარტი, 2018 • 2423
კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე “სელფების” გადაღება იკრძალება

კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე კინომოყვარულები ვარსკვლავებთან “სელფებს” ვეღარ გადაიღებენ. ამის შესახებ Hollywood reporter წერს. როგორც გამოცემა იუწყება, ინიციატივა ფესტივალის თავმჯდომარეს, ტიერი ფრემოს ეკუთვნის.

ფრემოს თქმით, “სელფების” გადაღების მავნე პრაქტიკას არეულობა შეაქვს ფესტივალზე და მის ხარისხს საგრძნობლად აზიანებს. ფესტივალის თავმჯდომარის თქმით, გულშემატკივrებთან “სელფების” გადაღების გამო ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე გავლას დიდ დროს ანდომებენ.

როგორც Hollywood reporter წერს, კანის ფესტივალის თავმჯდომარე “სელფებს” ადრეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მის განცხადებებს პროცესზე დიდი გავლენა აქამდე არ მოუხდენია.

ტიერი ფრემომ ფესტივალის ფარგლებში სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. ფესტივალის დირექტორის თქმით, Netflix-ისა და სხვა ინტერნეტ ტელევიზიების მიერ წარმოებული ფილმები, რომლებიც კინოთეატრებში არ გამოდის, ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად ვერ იბრძოლებენ:

“გასულ წელს საკონკურსო კატეგორიებში Netflix-ის ორი ფილმი იყო წარდგენილი. ვფიქრობდი, დავარწმუნებდი კომპანიას, რომ ისინი კინოეთატრებშიც გაეშვათ, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ,” – ამბობს ფრემო.

ფესტივალის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად მსგავსი აკრძალვისა, Netflix-ის ფილმების ჩვენებები ფესტივალზე არ აიკრძალება, ისინი უბრალოდ საკონკურსო კატეგორიებში ვეღარ მოხვდებიან.

კანის კინოფესტივალის რიგით 71-ე დაჯილდოება 8-19 მაისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი