ახალი ამბები

მთავრობა პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ფლობაზე პატიმრობას კვლავ შესაძლებელს ტოვებს – EMC

28 მარტი, 2018 • 1392
მთავრობა პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ფლობაზე პატიმრობას კვლავ შესაძლებელს ტოვებს – EMC

EMC აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც, 27 მარტს უწყებათაშორისი კომისიის სხსომაზე წარმოადგინეს, რადიკალურად განსხვავდება “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” კანონპროექტისგან, რომელიც 10 თვეზე მეტია პარლამენტში არის რეგისტრირებული.

მათივე განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა, გარდა საბჭოს იმ წევრებისა, ვინც პარლამენტში უკვე რეგისტრირებული კანონპროექტის ინიციატორები არიან, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. 

“პროკურატურის მომზადებული კანონპროექტი შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების დოზების ცვლილებას იმ მიზნით, რომ ცარიელი/მოხმარებული შპრიცის გამო ადამიანები წლობით ციხეში არ მიდიოდნენ. ამ კანონპროექტით არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ვერ მოხდება. კანონპროექტი ასწორებს მხოლოდ ერთ ანომალიას, რაც ქართულ ნარკოპოლიტიკას ახასიათებს, თუმცა უგულებელყოფს მთელ რიგ უსამართლობებს და სისტემურ პრობლემებს არსებულ ნარკოპოლიტიკაში. სამწუხაროა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს წევრები დაეთანხმნენ საკანონმდებლო ცვლილებების ფრაგმენტულად განხორციელებას.

მიგვაჩნია, რომ არასწორი და პრაქტიკულად გაუმართლებელია, ერთმანეთისგან განცალკევებულად წარიმართოს მსჯელობა კომპლექსურ და ურთიერთდაკავაშირებულ საკითხებზე. მსგავსი მიდგომა აუცილებლად გამოიწვევს პრობლემის არასწორ აღქმას და, შესაბამისად, დაგეგმილი რეფორმის იდეის დაზიანებას.

რეფორმის ავტორები და მხარდამჭერები გასული თვეების განმავლობაში ვდგამდით ნაბიჯებს იმისთვის, რომ პრინციპულ საკითხებზე სახელმწიფო უწყებებთან კონსენსუსი მიღწეულიყო და რეალური რეფორმის გატარება შესაძლებელი გამხდარიყო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენიმე ათეული ორგანიზაციის ავტორობითა და პარლამენტის ხუთი წევრის ინიცირებით, პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტი გვერდზე გადადოს, მის ნაცვლად კი მუშაობა გააგრძელეს დავიწროებულ, ფრაგმენტულ კანონპროქტზე, რომელიც ერთი კონკრეტული მიმართულებითაც კი (ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობები) სრულად ვერ აგვარებს არსებულ პრობლემებს და კვლავაც შესაძლებელს ტოვებს, ადამიანების პატიმრობაში ყოფნას პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, აჩვენებს სრულიად არაჯანსაღ დამოკიდებულებას იმ პროცესის მიმართ, რომელშიც ჩვენ სახელმწიფო უწყებებთან ერთად არაერთი თვის განმავლობაში ვიყავით და შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ კონსენსუსი მიღწეული ყოფილიყო. კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ჩვენ არაერთხელ დავთანხმდით პროცესის დროში გახანგრძლივებას, რამაც რეალურად მხოლოდ რეფორმის გაჭიანურება და მისი შინაარსის დაკნინება მოიტანა. კრიტიკულ მომენტში, როცა პარლამენტმა უნდა განაახლოს პლატფორმის კანონპროექტზე მსჯელობა, ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიის ცალმხრივი ცვლილება და პროცესში ჩართული არაერთი ჯგუფის მოთხოვნის იგნორირება,პროცესის ლეგიტიმურობას საეჭვოს ხდის. ამავდროულად, სამართალდამცავების მიერ შემოთავაზებული ხედვა უგულებელყოფს მოქალაქეთა მრავალწლიან და სამართლიან მოთხოვნას, ფუნდამენტურად შეცვლილიყო სადამსჯელო, რეპრესიაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში,”- აცხდებს EMC. 

მასალების გადაბეჭდვის წესი