ახალი ამბები

ათენში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

28 მარტი, 2018 • 2167
ათენში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების მიერ სამი თვის განმავლობაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მათ გაქურდული აქვთ დაახლოებით 200-მდე ბინა.

“სამართალდამცველებმა ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ,” – აცხადებენ შსს-ში.

დაკავებულებს ბრალი საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში ედებათ, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლები 20 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი