ახალი ამბები

ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

28 მარტი, 2018 • 1274
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. sknews.ge-ის ინფორმაცით, ეს გადაწყვეტილება საკრებულომ 19 ხმით, 2–ის წინააღმდეგ მიიღო.

გამოცემის ცნობით, სხდომას, რომელზეც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდნენ, საკრებულოს 28 დეპუტატიდან 21 ესწრებოდა და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა.


ბორჯომის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით თვითმმართველობის აპარატში განცხადება შეიტანა. ხელმომწერებს შორის 13 “ქართული ოცნების”, 2 კი  “პატრიოტთა ალიანსის” წევრია.

ბორჯომის საკრებულო სულ 28 წევრისაგან შედგება. 13 წევრი ჰყავს ქართულ ოცნებას, 11 – პატრიოტთა ალიანსს, 2 წევრი- ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თითო-თითო წევრი კი- ლეიბორისტებსა და ევროპულ საქართველოს.

ჩაჩანიძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ “პატრიოტთა ალიანსის” სახელით აირჩიეს, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პარტია თვითმმართველ ორგანოში “ქართულ ოცნებას” ლობირებს.

“[პატრიოტთა ალიანსს] არ მოსწონს ხისტი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” მიმართ. ეს არის მათი პრობლემა. ის წარმოიშვა ხელფასების არაზომიერი მატების საკითხიდან. როგორც კი ეს საკითხი დადგა, “პატრიოტთა ალიანსს” არ მოეწონა, რომ კოჭს არ ვუგორებთ ოცნებას. აქედან დაიწყო ყველაფერი”, – განუცხადა ჩაჩანიძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, პარტიის დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ლომია რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდა და სთხოვა, ბორჯომის მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების გადაწყვეტილებისთვის მხარე დაეჭირა.

“ირმა ინაშვილს არ შევხვედრივარ, რადგან იმ პერიოდში სტრასბურგში იმყოფებოდა. 4-5 დღის წინ შევხვდი გიორგი ლომიას, რომელმაც მითხრა, რომ დაგვეჭირა მხარი ხელფასების საკითხზე “ოცნების” შემოთავაზებისთვის, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით”.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” გიორგი ლომიასაც დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ მსგავსი რამ ჩაჩანიძისთვის არ უთქვამს.

“ეს სიცრუეა, მე ასეთ დირექტივებს არ ვიძლევი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ბორჯომში შეიქმნა. ამაზე ვისაუბრეთ. მე ვთქვი, რომ მოქნილი პოლიტიკოსი კრიზისამდე საქმეს არ მიიყვანს. ამაზე იყო საუბარი და არა იმაზე, ხელფასებს მხარი დაუჭირონ თუ არა. ხელფასების თემას ჩვენც არ ვეთანხმებოდით”, – ამბობს ლომია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი