“მისი რეფორმები საინტერესოა” – ნაზარბაევის წიგნის პრეზენტაცია მეცნიერებათა აკადემიაში

საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიისა და ყაზახეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, 27 მარტს თბილისში გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც”დამოუკიდებლობის ერა” ჰქვია.

ნურსულთან ნაზარბაევი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მართავს ყაზახეთს. ის უკვე 27 წელია ქვეყნის სათავეშია, ხოლო ყველა საპრეზიდენტო არჩევნებს თითქმის 100%-ით იგებს.

საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში მყოფი პროფესორ-მეცნიერები, ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები და ყაზახი სტუდენტები საუბრობდნენ ნურსულთან ნაზარბაევის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. დისკუსია რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ყაზახეთის პრეზიდენტის წიგნის წაკითხვაც მხოლოდ რუსულად არის შესაძლებელი, სადაც აღწერილია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მისი მიღწევები.

“წიგნში არის ძალიან საინტერესო ეტაპები აღწერილი ყაზახეთის სახელმწიფოს განვითარების და, ვფიქრობ, ის რეფორმები, რომელიც გატარდა იქ, ასევე საინტერესოა ჩვენთვის – ახალგაზრდებისთვისაც და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვისაც,” – ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების“ დირექტორი. მან ნურსულთან ნაზარბაევის ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბარი არ ისურვა.

მეცნიერებათა აკადემიაში განგვიცხადეს, რომ მეგობრობენ ყაზახეთის საელჩოსთან, ხოლო ეს ღონისძიებაც მათი კარგი ურთიერთობების გაგრძელებაა. გასულ წელს აკადემიაში ყაზახეთისა და საქართველოს 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის თარიღიც აღნიშნეს.

პრეზენტაციაზე ნურსულთან ნაზარბაევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. საქართველოს მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის თქმით, დღეს ყაზახეთს აქვს ამბიცია, რომ 30 საუკეთესო და განვითარებულ ქვეყანას შორის იყოს მსოფლიოში. ეს ყველაფერი მან ნაზარბაევის წიგნში ამოიკითხა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გაჩნდეს კითხვები დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანი 30 წელი ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას და კონკურენტიც კი არ ჰყავს, საქართველოს მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტი გვპასუხობს:

“გარდამავალ პერიოდში, ალბათ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მომავალში, ალბათ, გამოიცვლება. რა ვიცი, მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. ჯერჯერობით კარგის მეტი არაფერი მოუტანია იმ კაცს.”

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყაზახეთს ავტორიტარულ რეჟიმად აფასებს უშუალოდ ნაზარბაევის შეუზღუდავი ძალაუფლების გამო. ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში აპატიმრებენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, შევიწროებულია ოპოზიცია, კორუფციას კი მყარად აქვს ფესვები გადგმული მმართველ ელიტაში. Freedom House-ის ცნობით, ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევი პოპულარულია, რასაც უკავშირებენ კრტიკული აზრის შეზღუდვასა და სახელმწიფო პროპაგანდას.

ნურსულთან ნაზარბაევის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 27.03.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნურსულთან ნაზარბაევის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 27.03.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნურსულთან ნაზარბაევის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 27.03.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნურსულთან ნაზარბაევის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 27.03.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.