ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის მერიას გენგეგმის პროექტი არ მოსწონს – მხარეთა არგუმენტები

27 მარტი, 2018 • 2245
თბილისის მერიას გენგეგმის პროექტი არ მოსწონს – მხარეთა არგუმენტები

თბილისის მერია აცხადებს, რომ “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი თბილისის გენერალური გეგმის პროექტი უამრავი ხარვეზითაა შემუშავებული, მათ შორის, არაა განსაზღვრული რეკომენდაციების ხარჯთაღრიცხვა. 

მერიის ცნობით, რამდენიმე დღეში გადაწყდება, დაუჭერს თუ არა მერია მხარს ახალ გენგეგმას. დღეს, 27 მარტს თბილისის მერიამ გენგეგმის მეექვსე ნაწილის პრეზენტაცია გამართა და მათი შენიშვნები საზოგადოებას გააცნო, რომელიც დაპირისპირებებითა და კამათით მიმდინარეობდა.

მერიის ძირითადი შენიშვნები მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დაასახელა:

  • გენგეგმის ჯგუფს (სითი ინსტიტუტი) მის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების ხარჯთაღრიცხვა არაა წარმოდგენილი
  • საკუთრების ცნება იგნორირებულია. მაგალითად, გენგეგმის ჯგუფს შემთავაზებული აქვს რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობა ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც კერძო საკუთრებაშია
  • არაა წარმოდგენილი ტრანსპორტის, გამწვანების, ავარიული სახლების ჩანაცვლების სტრატეგია
  • ზოგიერთ ადგილას გაუქმებულია მწვანე კორიდორები, მაშინ როდესაც გენგეგმის ერთერთი სტრატეგია მწვანე ქალაქის შექმნაა.
  • შეუსწავლელია მდინარეების, ჭალებისა და ხევების გახსნის საკითხი, გასარკვევია თუ რა დაუჯდება მერიას ამ რჩევის გათვალისწინება.
  • ჯგუფმა შესთავაზა უფუნქციოდ დარჩენილი საწარმოო ცენტრების გამოცოცხლება, თუმცა რა დაუჯდება ეს მერიას არც ესაა მოცემული
  • ქალაქის ისტორიული ნაწილის განაშენიანების გეგმა გამორჩენილია
  • წყალარინების, გაზმომარაგების, ელმომარაგების რუკებზე ხარვეზებია და არაა ასახული რეალური მდგომარეობა

ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, გენგეგმის ჯგუფს ევალებოდა, რომ შეთავაზებული პროექტების ხარჯთაღრიცხვა უნდა წარედგინათ. ილია ელოშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მერია მისცემს ფულს გენგეგმის ჯგუფს, ისინი მათ მიერ წარდგენილი პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

“გრგ–ზე დამოკიდებული განაშენიანება ქალაქის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ”, – ამბობს ილია ელოშვილი.

განხილვაზე მისულმა გენგეგმის თანაავტორმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ მისი ჯგუფი ფიქრობდა, მისულიყო თუ არა ამ შეხვედრაზე. იგი არ დაეთანხმა ილია ელოშვილის შენიშვნებს.

მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ორსაფეხურიანი სივრცითი მოწყობის სისტემა არსებობს. მისი თქმით, გენგეგმა გრგ–ს (განაშენიანების რეგულირების გეგმის) შედგენას არ მოიცავს. ბოლქვაძემ განაცხადა, რომ გენგეგმის მიღების შემდეგ უნდა შემუშავდეს თბილისის ტერიტორიაზე კონკრეტული არეალების განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ).

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუ გენგეგმა არაა სრულყოფილი, ეს ხარვეზები მერიას აქამდეც უნდა აღმოეჩინა, რადგან მერიამ გენგეგმის 5 ნაწილი უკვე მოიწონა. ვაშაძემ განაცხადა, რომ წინა მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან საბიუჯეტო თანხები გაფლანგულია. ილია ელოშვილმა ამ შენიშვნას “უტრირება და გადამეტება” უწოდა.

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ეს განხილვა “ამხანაგურ სასამართლოდ” შეაფასა, რომელიც “სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლებს მოუწყვეს. 

ელისაშვილმა გაიხსენა ის, რომ ამ ჯგუფის მიერ მომზადებულ გენგეგმის ხუთ ნაწილს საკრებულომაც დაუჭირა მხარი. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ გენგეგმის შემუშავების დროს საკრებულო გასცემდა კონკრეტული ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მერია განგეგმის მიღებას გადაავადებს, გეგმაზომიერი განვითარების ნაცვლად თბილისში სამშენებლო ქაოსი გაგრძელდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე არ დაასახელა, მერია დაუჭერს თუ არა მხარს ამ გენგეგმას. მერიამ გენგეგმის ჯგუფს 2 მილიონი ლარი უკვე გადაუხადა, დარჩენილია 800 000 ლარი, რომელიც გენგეგმის ბოლო, მე–6 ნაწილის, შემუშავების შემდეგ უნდა გადაუხადოს.

გენგეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყეს და კონკრეტული შეთავაზებები გენგეგმის ჯგუფმა მერიას 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომელში წარმოდგენილი ხედვის მიხედვით თბილისი უნდა განვითარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი