ახალი ამბები

ივანიშვილი: რა ხდება ეს, რატომ დაადეს ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტს “საიდუმლო” გრიფი?

17 ოქტომბერი, 2013 • • 1646
ივანიშვილი: რა ხდება ეს,  რატომ დაადეს ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტს “საიდუმლო” გრიფი?

“მე ვიხსენებ უფრო ადრეულ შემთხვევებს… ალასანიამ თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ 7–8 კაცი და მეტი არაფერი არ იყო. ახლა 2 კვირის წინ მოხდა ისევ, მე მივაქციე ყურადღება, რომ ეს იყო მედიაში, მაგრამ ალასანიას აღარ დაურეკავს და ჩავთვალე, რომ ისეთი არაფერი იყო. აღარ დაურეკავს და აღარ მოუხსენებია. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდები. ხვალ მთავრობის სხდომა მაქვს და გავერკვევი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ამის შემდეგ პრესკონფერენციის მოდერატორმა, ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა თავდაცვის უწყების წარმომადგენელი და განუმარტა, რომ ჯარისკაცების ინტოქსიკაციის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას ‘საიდუმლო” გრიფი ადევს, ამიტომ უწყება შეზღუდულია გასცეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესის თაობაზე.

 

“რატომ ადევს საიდუმლო გრიფი?! რა ხდება, ეს სააკაშვილის მთავრობაა? ვინ დაადო გრიფი საიდუმლო? თუ ჯარისკაცი მოიწამალა, რატომ ადევს ამას საიდუმლო გრიფი? მე არ მგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს. რა სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს და მე კიდევ უფრო დავინტერესდები. თუ იმას, რომ ჯარისკაცი მოიწამლა, საიდუმლო გრიფი დაადეს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე მაშინ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის სამინისტროს განცხადების მოსმენის შემდეგ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვების სფეროში საგანგაშო ვითარებაა. 

 

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უხარისხო საკვების მიღების შედეგად შვიდასამდე ჯარისკაცი მოიწამლა. კვებითი ინტოქსიკაციის უმძიმესი ფაქტები დაფიქსირდა ვაზიანის, სენაკისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებზე, აგრეთვე, ოცდამეტერთმეტე ქარხანასთან არსებულ სამხედრო დანაყოფსა და საინჟინრო ბრიგადაში. ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ბოლო ფაქტს მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორგანიზაციის განცხადებებს დაუსაბუთებული უწოდა, თუმცა, მოგვიანებით, თავადვე დაადასტურეს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა მოწამვლის ფაქტებზე სამხედრო პოლიციაში მიმდინარეობდა გამოძიება. სამხედრო მოსამსახურეთა მოწამვლის ფაქტების მზარდი დინამიკა ცალსახად მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტრო არანაირ ქმედითი ნაბიჯებს არ დგამს სიტუაციის გამოსწორების კუთხით, ხოლო შიდა უწყებრივი გამოძიება ატარებს ფორმალურ ხასიათს, რადგან დღემდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. „ახალგაზრდა ადვოკატებს” მიგვაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროში აშკარად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი და სიტუაციის გამოსწორების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ „ქართული კვების კომპანიას” მართავს თავდაცვის მინისტრის მეუღლის მეჯვარე და უახლოესი მეგობარი, ქალბატონი ეკა ხურციძე, ხოლო სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსად დანიშნულია წარსულში კორუფციისთვის ნასამართლევი მიხეილ ჭანუყვაძე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურორი ვალდებულია, ესოდენ აშკარა ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები გამოსაძიებლად უშუალოდ პროკურატურის ორგანოებს დაუქვემდებაროს. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს თავდაცვის სამინისტროში არსებული საგანგაშო მდგომარეობა, ვინაიდან საკითხი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება”, – ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებაში.

 

მანანა თოქმაჯიშვილის თქმით კი, თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს 700 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტს და საუბარია სულ, ჯამში, 20–მდე ჯარისკაცის ინტოქსიკაციაზე, რის შესახებაც მიმდინარე გამოძება უკვე დასასრულს უახლოვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი