ახალი ამბებისამართალი

დანაშაულის დაფარვისთვის და ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასჯელები მკაცრდება

27 მარტი, 2018 • 1552
დანაშაულის დაფარვისთვის და ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასჯელები მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება სასჯელები დანაშაულის დაფარვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

როგორც შსს ამბობს, საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში პრობლემები არსებობს, ხოლო ამ დანაშაულების ხასიათთან სასჯელები შეუსაბამოა, რამაც, ცვლილების აუცილებლობა განაპირობა.

“დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის (ნაკლებად მძიმე, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქციაა გათვალისწინებული, რაც აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტიანს ხდის. მოქმედი რედაქციის მიხედვით, როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ისჯება: დაფარვა – 1-დან 3 წლამდე და შეუტყობინებლობა – 2-დან 4 წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ერთმანეთისგან იმიჯნება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მათი სოციალური საშიშროების მიხედვით, შესაბამისი სანქციები წესდება. შედარებით მკაცრად დაისჯება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა. დღეს არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცვლილების შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა მძიმე კატეგორიის დანაშაული იქნება, რომლის ჩამდენი პირების მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

სანქციები იზრდება, ასევე, ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის. ცრუ ჩვენების კუთხით, პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ შემადგენლობაზე (ანგარება ან სხვა პირადი მოტივი) სანქციის ზედა ზღვარი იზრდება 2 წლით, რითაც აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცა, რომლის ჩამდენი პირის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი. ასევე, 2 წლით იზრდება სანქციის ზედა ზღვარი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რითაც დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცევა,”- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი