დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან სავაჭრო ბრუნვის 1 მლრდ დოლარამდე გაზრდაზე შევთანხმდით

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები.  მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ჩვენ შევთანხმდით მრავალი მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე.  შევთანხმდით, რომ ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ელი კოენის თქმით, საქართველო და ისრაელი არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ კარგი და ახლო მეგობრები არიან, რომლებიც გვერდში უდგანან ერთმანეთს.

„შეხვედრაზე ჩვენ დავისახეთ სტრატეგიული მიზნები, რათა გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ტურისტების ნომერი სულ უფრო იზრდება, მაგრამ გვინდა, უფრო მეტი ექსპორტ-იმპორტი ვიხილოთ. ჩვენი მიზანია, ხუთ წელიწადში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა იმ ახლო მეგობრობისა და კარგი ეკონომიკური ურთიერთობების წყალობით, რაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ“, – ამბობს კოენი.

დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი საქართველოს სავარაუდოდ, 10 მაისს ეწვევა, როდესაც საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო გაიხსნება.

„მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კოლეგა 10 მაისს გვესტუმრება, როდესაც გავხსნით ერთობლივ საწარმოს. ასევე გაიმართება ბიზნესფორუმი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ კერძო სექტორის დაახლოება და იმ ინტერესის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნის კერძო სექტორს გააჩნია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობას და იმ გამოცდილების გაზიარებას, რაც ისრაელს ამ მიმართულებით გააჩნია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი