ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფი: “ბითიეი ბანკის” აქციების ყიდვისას კანონი არ დაგვირღვევია

16 ოქტომბერი, 2013 • • 4076
სილქ როუდ ჯგუფი: “ბითიეი ბანკის” აქციების ყიდვისას კანონი არ დაგვირღვევია

სს “სილქ როუდ საფინანსო ჯგუფი” ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთში”  საქართველოში ყაზახეთის ელჩთან, ერმუხამედ ერთისბაევთან გამოქვეყენებულ ინტერვიუს ეხმაურება. ყაზახეთის ელჩმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ამ ფინანსურმა ჯგუფმა ბანკის აქციები უკანონოდ ჩაიგდო ხელში.

 

“სს “ბითიეი ბანკი” (საქართველო)  წარმოადგენს ბტა ბანკ ყაზახეთთან ერთად 2005 წლის მარტში შექმნილ სააქციო საზოგადოებას. 2010 წლის 8 აპრილამდე ქართულ “ბითიეი” ბანკს ჰყავდა 4 მსხვილი და რამოდენიმე მცირე აქციონერი.  მსხვილ აქციონერებს შორის იყო “ბტა ბანკი ყაზახეთი”, რომელსაც ეკუთვნოდა აქციების 49 პროცენტი. “სილქ როუდ საფინანსო ჯგუფი” აქციების 23,987 პროცენტით; ასევე ავსტრიული კომპანია ZRL Beteiligungs AG და ბრიტანული კომპანია Interfuding Facilities Limited. 2010 წლის აპრიილში სააქციო საზოგადოება “სილქ როუდ საფინანსო ჯგუფმა” ქართული “ბითიეი” ბანკის სადამფუძნებლო  დოკუმენტაციასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით შეიძინა აქციები კომპანიებისგან -ZRL Beteiligungs AG და  Interfuding Facilities Limited. რის შედეგადაც გახდა ქართულ “ბითიეი ბანკში” აქციების 50,9877 პროცენტის წილის მესაკუთრე.ხსენებული გარიგება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეთანხმებულ იქნა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, დარეგისტრირდა რეესტრში და გაფორმდა “ბითიეი ბანკის” წესდებასთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ზოგადად საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასტან სრულ შესაბამისობაში” – ნათქვამია “სილქ როუდ საფინანსო ჯგუფის” განცხადებაში.  

 

“სილქ როუდ საფინანსო ჯგუფი” აცხადებს, რომ ქართული “ბითიეი ბანკის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ყველა არსებულ აქციონერს აქვს უფლება გააფორმოს აქციების შესყიდვის ხელშეკრულება სხვა აქციონერთან, დანარჩენი აქციონერების შეტყობინების გარეშე: “ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ამჟამად “სილქ როუდ საფინანსო ჯგუფი” და “ბტა ბანკი ყაზახეთი” იმყოფებიან კომერციული მოლაპარაკების პროცესში ქართულ “ბითიეი ბანკის” თაობაზე. მოალაპარაკების მიზანს წარმოადგენს დავის გადაწყვეტა ბანკის სასარგებლოდ, დეპოზიტორების, კრედიტორებისა და აქციონერების უფლებების სრული გათვალისწინებით.”     

 

“ნეტგაზეთისთვის” 2013 წლის 9 ოქტომბერს ნიცემულ ინტერვიუში საქართველოში ყაზახეთის ელჩმა ერმუხამედ ერთისბაევმა შემდეგი განაცხადა:  

 

„ბითიეი საქართველოს“ წარმომადგენლებმა უსამართლოდ ჩაიგდეს ხელში ბანკის საკონტროლო პაკეტი. ამიტომ ეს არის სასამართლოს განხილვის საკითხი. „ბითიეი–საქართველოს“ აქციების 49 პროცენტს ამ დრომდე ყაზახური მხარე ფლობს, 20 პროცენტს ფლობდა „სილქროუდ ჯგუფი“, დანარჩენი კი ორ ოფშორულ კომპანიას ეკუთვნოდა. ყაზახურ მხარეს არ შეატყობინა და „სილქროუდ ჯგუფმა“ ისე გამოისყიდა ოფშორული კომპანიების აქციები და გახდა საკონტროლო პაკეტის მფლობელი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა იყიდება აქციები, მას ჯერ იმას სთავაზობენ, ვისაც დიდი წილი აქვს. თუ ყაზახურ მხარეს შესთავაზებდნენ, ის წილს ერთ დღეში გამოისყიდდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ნებისმიერი სასამართლო უკანონოდ შეაფასებს ქართული კომპანიის მოქმედებას. საქართველოს სასამართლო ქართულ კომპანიას უჭერს მხარს. ყაზახეთში ყაზახური მხარეა გამარჯვებული. ამიტომ საქმეს განიხილავს საერთაშორისო სასამართლო: ეს ან შვედეთში მოხდება, ან ჰოლანდიაში და, დარწმუნებული ვარ, იქ ნამდვილად გავიმარჯვებთ.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი