პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილის ბიზნესპარტნიორებს აფინანსებს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს კომპანია, რომლის მესაკუთრეები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესპარტნიორები არიან. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარია.

ვიცე-პრემიერის ბიზნესპარტნიორების კომპანია „ტისუპეიპერს“ უკვე წელიწადნახევარია აფინანსებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ერთ-ერთი ევროპული ბანკის პროცენტს ამ კომპანიას სახელმწიფო, თანადაფინანსების სახით, კიდევ რვა თვის განმავლობაში დაუფინანსებს.

შპს „ტისუპეიპერის“ მიერ მაკულატურისა და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ჰიგიენური ქაღალდების წარმოებასა და რეალიზაციაზეა ორიენტირებული, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. საწარმო საზეიმოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

„პროდუქცია ადგილობრივად დამზადდება… მომხმარებელს მაღალ ხარისხს და კონკურენტულ ფასებს შესთავაზებს. ამასთანავე, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში დამზადებული პროდუქციით, შპს „ტისუპეიპერი“  წარმატებით  გაუწევს კონკურენციას იმპორტიორ კომპანიებს“, – აცხადებდნენ მაშინ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

საწარმოს გახსნის დროს, კომპანია „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები იყვნენ ზაზა ბუაძე [25%] და ირაკლი თევდორაშვილი [75%]. ირაკლი თევდორაშვილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ოჯახის ახლობელია. ის მინისტრის მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის ბიძაშვილია.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „რეშენალ სოლუშენსის“ 10% წილის მესაკუთრეცაა [წილის მმართველი დღეს ნატალია თევდორაშვილია]. „რეშენალ სოლუშენსის“ 90%-ს შპს „კვირის პალიტრა“ ფლობს. „კვირის პალიტრის“ მფლობელები კი შპს „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები  – ზაზა ბუაძე [25%] და ირაკლი თევდორაშვილი [25%] არიან.

მიმდინარე წლის 18 იანვარს კომპანიას – „ტისუპეიპერს“ მესაკუთრეებმა შეუცვალეს სახელწოდება და შპს „კრიალა“ დაარქვეს. კომპანიის წილები კი დღეს ასეა გადანაწილებული – ირაკლი თევდორაშვილი [70%], ზაზა ბუაძე [20%] და მალხაზ გოგიტიძე [10%].

მთავარი ფოტო: დიმიტრი ქუმსიშვილი „ტისუპეიპერ“-ის საწარმოს გახსნაზე / ფოტო: სქრინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვიდეოდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com