ახალი ამბები

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტი განიხილეს

16 ოქტომბერი, 2013 • • 1023
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტი განიხილეს

დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ენერგეტიკის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, რიგი უწყებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  2014 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თავუაშვილმა გააცნო.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მომდევნო წელს სამინისტროს მნიშვნელოვანი ინიციატივები ექნება:

 

„პარლამენტში შემოსული ბიუჯეტი არის სამუშაო ვარიანტი. ფინანსთა სამინისტროსთან ჩვენ ჯამურად განვიხილავთ 233 მილიონი ლარის ბიუჯეტს ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომელიც არის ჩაშლილი სხვადასხვა მიმართულებით. შემდეგ წელს ჩვენს სამინისტროს ექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის- დაწყებითი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტო სახით; მათ შორის ექსპორტის ხელშეწყობის და მხარდაჭერის სააგენტოს სახით, ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან მუშაობის შედეგად ჩვენ მივაღწევთ ყველაზე უფრო ეფექტურ ბიუჯეტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი.“

 

ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემდეგ ვარიანტში, რომელიც პარლამენტში 5 ნოემბერს შემოვა, სამინისტროს დაფინანსება საკმაოდ გაზრდილი იქნება.

 

გიორგი სიგუა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი აქვს დაკავებული, ამბობს რომ სააგენტო მომდევნო წელს მოქმედების არეალს გააფართოვებს:

 

„საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დღესდღეობით მუშაობს 32 საშტატო თანამშრომელი, გაისად იქნება 71. სტრუქტურა იცვლება და იზრდება, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ფუნქციები და იზრდება ბიუჯეტიც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციები იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო ნაკადებზე ზრუნვა, არამედ შიდა ნაკადების სტიმულირებაც. რასაკვირველია, ჩვენ უფრო აქტიურად და გაცილებით აქტიურად ვიმუშავებთ მიზნობრივ ბაზრებზე, ვიდრე ვმუშაობდით წელს, იმიტომ, რომ ბიუჯეტი და დასახარჯი თანხა გვექნება გაცილებით მეტი.”

 

მისივე განმარტებით, სააგენტოს კიდევ ორი პრიორიტეტული მიმართულება ექნება:

 

„ეს არის მომსახურების ხარისზე ზრუნვა, რაც ქართულ ტურისტულ ობიექტებში პირადად ჩემთვის არ არის დამაკმაყოფიელბელი და ეს ხარისხი აუცილებლად გაუმჯობესდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით და სტიმულირებით, ასევე გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ უკვე წამოწყებული გვაქვს რამდენიმე მშენებლობა, ეს არის ტურისტული სერვის-ცენტრები. ასეთი იქნება უფრო მეტი, ვიზრუნებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და ყველაფერი იზნება ძალიან კარგად.“

 

სიგუას ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ტურიზმმა წელს მოიტანა 2, 2 მილიარდ ლარზე მეტი, წლის ბოლოსთვის ეს იქნება დაახლოებით 3 მილიარდი ლარი:

 

„7% არის მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი, ამ წილსაც აქვს პოტენციალი რომ გაიზარდოს. 2014 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ექნება გაცილებით მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ჰქონდა 2013 წელს.“

 

პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის თანახმად, ტურიზმის სააგენტოს  მიმდინარე წელთან შედარებით, 2014 წელს დაფინანსება უმცირდება, ამის მიუხედავად სიგუა ოპტიმისტურად არის განწყობილი:

 

„ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს 21 მილიონი ლარი, ხოლო წელს 6,5 მილიონი ლარი გვქონდა ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით. 2014 წელს ჩვენ გაცილებით დიდი ბიუჯეტი გვექნება, ვიდრე გვაქვს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი აცხადებს, რომ დაფინანსებაზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ამის ჯამური რესურსი არსებობს:

 

„დაახლოებით 1, 5 მილირდით მეტი დაფინანსება იყო მოთხოვნილი, ვიდრე ამის რესურსი არსებობს. ყველა სამინისტროს აქვს პროექტები, რომლის დაფინანსებასაც ითხოვს, ან ახალი პროგრამის დაფინანსებას ითხოვს, შესაბამისად, ეს არის მუშა პროცესი, საბიუჯეტო პროცესია, ეს არის ბიუეჯტის პრიველი ვარიანტი, რომელიც პარლამენტში წარმოვადგინეთ, გაგრძელდება კონსულტაციები სამინისტროებთან, შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები, ზოგი სამინისტროს პროექტის დაფინანსების გაზრდის, ან მოდიფიცირების კუთხით. შემდეგი ეტაპი საბიუეჯტო პროცესში არის 5 ნოემბერი, როდესაც სამინსიტრო ხელმეორედ შემოიტანს პარლამენტში.“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, სამინისტროების სურვილები გათვალისწინებული უნდა იყოს:

 

„ყველა სამინისტრომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, თავისი სურვილები, რაში ჭირდებათ დამატებითი დაფინანსება. ჩვენ ამ წინდადებებს წარვუდგენთ წამყვან კომიტეტს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება მთავრობას. რა თქმა უნდა, ისინიც შეზღუდულები არიან, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, რომ გათვალისწინებული იყოს ის სურვილები და ის თხოვნა, რაც დაყენებულია სამინისტროების მხრიდან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი