ახალი ამბები

ზემო აფხაზეთს შესაძლოა დალის ხეობა ეწოდოს

16 ოქტომბერი, 2013 • • 5148
ზემო აფხაზეთს შესაძლოა დალის ხეობა ეწოდოს

“სახელის გადარქმევა უშუალოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ მაგას ისტორიულად არც კოდორის ხეობა ჰქვია და არც ზემო აფხაზეთი… მაგას დალის ხეობა ერქვა ყოველთვის… შემდეგ, ჯერ “კომუნისტებმა” შეუცვალეს სახელი, მერე დაერქვა კოდორის ხეობა, ხოლო 2006 წელს პრეზიდენტმა ზემო აფხაზეთად მონათლა. ჩვენ მოვამზადებთ საფუძველს იმისთვის, რომ ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, მერე გადაერქვას. დღეს მაინც ვერ ვასწრებთ ამას”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ზემო აფხაზეთი/ფოტო:Грузия Online
ზემო აფხაზეთი/ფოტო:Грузия Online

აფხაზეთის ა/რ მინისტრის განცხადებით, ზემო აფხაზეთს სახელი აუცილებლად უნდა შეეცვალოს. კითხვას, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხომ არ გვაქვს საქმე ერთპიროვნულ მიდგომასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯაჭვლიანი პასუხობს, რომ აღნიშნული მოთხოვნა “კოდორელების საინიციატივო ჯგუფისაგან მოდის”. ჩვენ შეკითხვას, რამდენი ადამიანი აწერს იმ განცხადებას ხელს, რომელიც აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობაში შევიდა, იგი პასუხობს, რომ ასეთი განცხადება ჯერ არ შესულა:

 

“მაგრამ ვიცი, რომ შემოიტანენ… დაახლოებით 100 კაცამდე იქნება. ეს დალის ხეობელების საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაა და მე მივმართავ ოფიციალურად უმაღლეს საბჭოს და მთავრობას, რომ დაიწყონ ამის პროცედურები”, – ამბობს იგი.

 

აფხაზეთის ა/რ მთავრობას ზემო აფხაზეთისთვის არა მხოლოდ სახელის შეცვლა სურს, არამედ მისი სტატუსისაც. დღეისათვის არსებობს ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი, თუმცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ უკვე გამოსცა აღნიშნული სტრუქტურის ლიკვიდაციის დადგენილება. დადგენილების მიხედვით, მინისტრის აპარატის ლიკვიდაცია 11 ნოემბრამდე უნდა განხორციელდეს და ამ საკითხზე სპეციალურმა კომისიამ უნდა იმუშაოს. 

 

მევლუდ ჯაჭვლიანის განცხადებით, ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატის გაუქმების შემდეგ ადგილზე ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა შეიქმნება. შესაბამისი დადგენილება ყოლბაიას ასევე გამოცემული აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი