ახალი ამბები

ბათუმის ყოფილი მერი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას ეხმაურება

16 ოქტომბერი, 2013 • • 1509
ბათუმის ყოფილი მერი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას ეხმაურება

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ის და რობერტ ჩხაიძე, ანუ ბათუმის ყოფილი მერი და უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ამ ფორმით საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის პროკურატურისადმი გაგზავნილ განცხადებას გამოეხმაურნენ.

 

„პიაცის მშენებლობა ბათუმის მერიას 18  მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ჯამში, რაც გაიყიდა, არის პიაცის მოცულობის ნახევარზე მეტი, რაც 11 მილიონ ლარად გაიყიდა. ეს არის მერიის ერთ-ერთი ყველაზე კომერციული პროექტი, რაც კი ჩვენ გაგვიხორციელებია. იმიტომ, რომ მერიამ დანახარჯი თანხა პრივატიზაციით და სხვადასხვა გადასახადების სახით წლების განმავლობაში უკან ამოიღო. აქ არის ასევე მესაკუთრეებზე გადაცემული 1200 კვადრატი ერთ ოჯახზე, 800 კვარდატი მეორე ოჯახზე, 350 – მესამეზე. იმ ფასად, რა ფასადაც ჩვენ კვადრატული მეტრი გავყიდეთ, 2000 დოლარად ვერავინ ვერ ყიდის.

 

დღევანდელი დავა, თითქოს მოხდა აქ რაღაც გადაცდომები, არის აბსურდი და მას უნდა შესწავლა. იმის მაგივრად, რომ საკრებულოს თავმჯდომარე საქმეს აკეთებდეს, უსაფუძვლო განცხადებების წერით არის დაკავებული“, – თქვა რობერტ ჩხაიძემ ბრიფინგზე.

გიორგი კირთაძე და რობერტ ჩხაიძე
გიორგი კირთაძე და რობერტ ჩხაიძე

 


ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მისი განცხადება არ უკავშირდება პიაცას მშენებლობისა თუ გასხვისების კანონიერებას:


„მაგ საკითხით 6-7 თვის წინ ისედაც დაინტერესდნენ სამართალდამცავები“, – უთხრა „ბათუმელებს“ საკრებულოს თავმჯდომარემ და განმარტა, თუ რა გახდა მისი მხრიდან პროკურატურაში განცხადების გაგზავნის საფუძველი:

 

„ჩემი მიმართვა ეხება მოედანს, რომელიც არის პიაცას შიგნით და რაც მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ქალაქის ყოფლმა ხელმძღვანელობამ გააფორმა, თვითმმართველობას უფლება გვაქვს წელიწადში სამი ღონისძიება გავმართოთ მოედანზე უფასოდ. დანარჩენ შემთხვევაში, ვისაც გადავეცით, უნდა დავეკითხოთ, მოგვცემს თუ არა ამის უფლებას ან იქით უნდა გადავუხადოთ ფული. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ეზო პიაცას შეგნებულად არ მიამაგრეს, რადგან მოედანი რომ გაყიდულიყო, ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდა ე.წ. მფლობელს. 

 

როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ხელშეკრულების გაუქმება, აღმოჩნდა, რომ თუ ცალმხრივად მოვინდომებთ გაუქმებას, ბათუმის სასამართლოში კი არ უნდა ვიჩივლოთ, არამედ უნდა წავიდეთ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში. ასეთი ნაღმები არის ამ ხელშეკრულებაში, ამიტომ გავხდი იძულებული მიმემართა პროკურატურისთვის, რომ შეისწავლონ, რამდენად მართლზომიერად არის ეს ხელშეკრულება გაფორმებული“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების შინაარსი მას შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც პიაცაზე კაფეს ფლობს (პიაცას კომპლექსის ნაწილი კერძო მფლობელების მიწაზე აშენდა. შესაბამისად, მათ თანასაკუთრებაში აქვთ გარკვეული ფართობი) პიაცას ეზოში სამი მაგიდის განლაგება ითხოვა.

 

„მე მას წერილობითი თანხმობა მივეცი, რის შემდეგაც პიაცას მოქმედმა მენეჯერმა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრია, მომწერა, თქვენს კომპეტენციას აჭარბებთ, არავითარი უფლება არ გაქვთ ჩემს ტერიტორიაზე ნებართვა გასცე მაგიდების დადგმაზეო. მე იძულებული გავხვდი ჩემი ნებართვა უკან გამეწვია“, – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

ბათუმის პიაცას მშენებლობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აშენებიდან მალევე პიაცა, შიდა მოედნის გარეშე, 11 მილიონად გაყიდა მინიციპალიტეტმა. 

 

პიაცას ფაქტობრივი მფლობელი ირაკლი სამხარაძე ქონების ყიდვის დროს რუსეთის მოქალაქე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი