ახალი ამბები

რუსთავის ციხის ყოფილი უფროსის ცემის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

16 ოქტომბერი, 2013 • • 1212
რუსთავის ციხის ყოფილი უფროსის ცემის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

“ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავა შს სამინისტრომ და გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის მე–2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

აღნიშნული მუხლი ეხება ძალადობას, კერძოდ, ეს არის სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც  დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და უკავშირდება დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობას. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

 


ლაშა ბრეგვაძის ცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა “ფეისბუქით”:


“ციხის ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ ცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო და მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულბას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის ბაჩოსაც. დეტალებს ვადგენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით დავდებ. შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ფაქტია, პირველი, როგორც გახსოვთ, ორი თვის წინ დავით ჩხიტუნიძეზე თავდასხმა იყო, რასაც ბაჩოს მწვავე განცხადება მოყვა”.


ლაშა ბრეგვაძე სასჯელაღსრულების სისტემაში თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს, როდესაც აღნიშნულ უწყებას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის იყო სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების უფროსი. მისი მხრიდან არაადამიანური მოპყროიბის თაობაზე ღიად არაერთ პატიმარს აქვს გაცხადებული, ეს ფაქტები სხვადასხვა დროს ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი