ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ბოლო დღეებში Facebook-ი წაშალეს

#DeleteFacebook – ეს კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემი უკანონოდ გამოიყენეს აშშ-ს საარჩევნო კამპანიაში ტრამპის სასარგებლოდ.

#DeleteFacebook – კამპანიის მონაწილეები სწორედ აღნიშნულს აპროტესტებენ ფეისბუქის ანგარიშის წაშლით. კამპანიას საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ.

ილონ მასკი

კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის აგორების შემდეგ ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ილონ მასკს მისი კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის ფეისბუქ ანგარიშების წაშლისაკენ მოუწოდა. რაზეც მასკმა უპასუხა, რომ მან არც კი იცოდა, თუ მისი კომპანიები ფეისბუკზე ოფიციალურად არსებობდნენ. პარასკევს მასკის ორივე კომპანია ფეისბუკიდან გაქრა.

შერი

ფეისბუკი წაშალა ცნობილმა მომღერალმაც. ამის შესახებ შერი ტვიტერზე წერს.

ბრაიან ექტონი

ექტონი WhatsApp-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს კომპანია 2014 წელს ფეისბუკმა 16 მილიარდ დოლარად იყიდა. კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ ფეისბუკის წაშლის კამპანიას ექტონიც შეუერთდა.

ტეა ლეონი

ფეისბუკს შლის ტეა ლეონიც. მიზეზად პერსონალური ინფორმაციასთან დაკავშირებულ სკანდალსა და დეზინფორმაციას ასახელებს, რომელიც მსახიობის ინფორმაციით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს და მის შემდგომ ვრცელდებოდა ქსელში.

“იმედი მაქვს, რომ ფეისბუკი უკეთეს გზას იპოვის”, – წერს ლეონი.

ჯიმ ქერი

ცნობილმა მსახიობმა ფეისბუკი თებერვალში წაშალა. მეტიც, ჯიმ ქერის ცნობით, ის ფეისბუკის აქციებსაც ფლობდა, თუმცა გაყიდა. მიზეზად ქერიც აშშ-ს საარჩევნო კამპანიის დროს განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.


სოციალურ ქსელ ფეისბუკის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი პირად გვერდზე განმარტებას ავრცელებს იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა საერთაშორისო მედიაში ტრიალებს. ირკვევა, რომ მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემი უკანონოდ გამოიყენეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში ტრამპის სასარგებლოდ. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ცუკერბერგის განმარტებას:

“ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენი მონაცემების დაცვაზე და თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ არ ვიმსახურებთ თქვენს სამსახურში ყოფნას. ვმუშაობდი, რათა გამერკვია, ზუსტად რა მოხდა და როგორ უზრუნველმეყო ის, რომ ეს მეორედ აღარ განმეორდეს. კარგი ამბავი ისაა, რომ პრევენციული ნაბიჯები ამის აღსაკვეთად ჩვენ წლების წინ გადავდგით, მაგრამ ჩვენ ასევე დავუშვით შეცდომები და კვლავ გვჭირდება ზომების მიღება.

მე გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას:

2007 წელს ჩვენ გავუშვით ფეისბუქის პლატფორმა იმ ხედვით, რომ მეტი აპლიკაცია გამხდარიყო უფრო ინტერაქციული. შენი კალენდარი უნდა გაჩვენებდეს შენი მეგობრების დაბადების დღეებს, შენი რუკა უნდა გაჩვენებდეს სად ცხოვრობენ შენი მეგობრები, შენი მისამართების წიგნი უნდა გაჩენებდეს სურათებს. ამის გასაკეთებლად ადამიანებს, ვინც აპლიკაციაში შედიოდა, მივეცით საშუალება, გაეზიარებინა ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ იყვნენ მათი მეგობრები და სხვა დეტალები.

2013 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალექსანდრ კოგანმა შექმნა ქვიზის აპლიკაცია. ეს აპლიკაცია 300 000 ადამიანმა დააინსტალირა და მათ როგორც საკუთარი, ისე თავისი მეგობრების მონაცემები გაუზიარა. იმის გამო, რომ ჩვენი პლატფორმა უკვე გაშვებული იყო, ამან საშუალება მისცა კოგანს, წვდომა ჰქონოდა ათეულობით მილიონი ადამიანის მონაცემთან (იმ ადამიანების მონაცემებთან, ვინ ამ 300 000 მომხმარებლის მეგობარი იყო)

2014 წელს, შემაწუხებელი აპლიკაციების პრევენციისთვის, ჩვენი მთლიანი პლატფორმის გარდაქმნა დავიწყეთ და დრამატულად შევამცირეთ აპლიკაციების წვდომა მომხმარებლების მონაცემებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კოგანის მიერ შექმნილი აპლიკაციების მსგავსი აპლიკაციები საერთოდ ვეღარ მიიღებდნენ პირის მეგობრების მონაცემებს, თუ თავად ეს მეგობრებიც არ გამოიყენებდნენ ამ აპლიკაციას. ჩვენ, ასევე, მოვთხოვეთ დეველოპერებს, დადასტურების მიღება ჩვენგანაც მანამდე, სანამ ისინი პირად ინფორმაციას ითხოვდნენ მომხმარებლებისგან. ეს ნაბიჯები კოგანის მიერ შექმნილი აპლიკაციის მსგავს აპლიკაციებს მონაცემებზე წვდომას მნიშვნელოვნად შეუზღუდავდა.

2015 წელს გარდიანის ჟურნალისტებიდან გავიგეთ, რომ კოგანმა მიღებული მონაცემები კემბრიჯ ანალიტიკას გაუზიარა. ეს ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება, დეველოპერებს ეკრძალებათ მონაცემების გაცემა პირების თანხმობის გარეშე. ჩვენ მაშინვე წავშალეთ კოგანის აპლიკაცია ჩვენი პლატფორმიდან. ჩვენ კოგანისა და კემბრიჯ ანალიტიკასგან ასევე მოვითხოვეთ, რომ მათ ფორმალურად დაედასტურებინათ უკანონოდ მოპოვებული მონაცემები წაშალა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენა.

გასულ კვირას ჩვენ შევიტყეთ გარდიანისგან, ნიუ-იორკ ტაიმსისგან და ჩანელ 4-სგან, რომ კემბრიჯ ანალიტიკას, შესაძლოა, არ წაეშალა ეს მონაცემები, როცა ჩვენ მონაცემთა წაშლა დაგვიდასტურეს. ჩვენ მყისიერად ავუკრძალეთ მათ ჩენი პლატფორმის სერვისებით სარგებლობა . ისინი ასევე დაგვთანხმდნენ, რომ ჩვენს მიერ დაქირავებულმა კომპანიამ ჩაატაროს აუდიტი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მარეგულირებელთან, რათა მომხდარი გამოიძიონ.

ეს არის ნდობის დაკარგვა კოგანს, კემბრიჯ ანალიტიკასა და ფეისბუკს შორის, მაგრამ ეს ასევე არის ნდობის დაკარგვა ფეისბუკსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავიანთ მონაცემებს გვანდობენ და ჩვენგან მოელიან, რომ ამ მონაცემებს დავიცავთ. ჩვენ ეს ნდობა უნდა აღვადგინოთ.

ჩვენ 2014 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რომ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან დაგვეცვა მომხმარებელთა მონაცემები, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და აი რის გაკეთებას ვაპირებთ:

პირველ რიგში, ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა იმ აპლიკაციას, რომლებსაც განსაკუთრებულად დიდ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, სანამ ჩვენი პლატფორმა შეიცვლებოდა. ჩვენი პლათფორმიდან ავკრძალავთ ყველა დეველოპერს, რომელიც არ დაეთანხმება ჩვენს აუდიტს. თუ ჩვენ ვიპოვით დეველოპერებს, რომლებმაც არაკანონიერად გამოიყენეს მიღებული მონაცემები, ავკრძალავთ მათ და ადამიანებს შევატყობინებთ ამის შესახებ. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, ვისი მონაცემებიც კოგანმა გამოიყენა.

მეორე, ჩვენ დეველოპერებს შევუზღუდავთ თქვენს მონაცემებზე წვდომას, რომ გამოვრიცხოთ ამ ტიპის გადაცდომები. მაგალითად, ჩენ შევუზღუდავთ დეველოპერებს თქვენს მონაცემებზე წვდომას თუ მათი აპლიკაცია 3 თვეზე მეტია არ გამოგიყენებიათ. ჩვენ დეველოპერებს თქვენგან არამხოლოდ თანხმობას მოვთხოვთ, არამედ კონტრაქტის გაფორმებასაც, იმ შემთხვევაში თუ ისინი თქვენს პოსტებს და პირად მონაცემებეს ითხოვენ. კიდევ რამდენიმე ცვლილებას ვგეგმავთ, რომლებსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

მესამე, ჩენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კარგად გესმით რა აპლიკაციებია ის, რასაც თქვენს ინფორმაციას ანდობთ. მომავალ თვეში ჩვენ შემოგთავაზებთ ინსტრუმენტს თქვენს ნიუს ფიდში, რომელშიც ის აპლიკაციები იქნება თავმოყრილი, რასაც იყენებთ და ეს აპლიკაციები ხელახლა მოგთხოვთ თანხმობას მონაცემების გაზიარებაზე. ეს ინსტრუმენტი ახლაც არსებობს, მაგრამ ახლა ნიუს ფიდში გამოჩნდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას ყველა იოლად ხედავს.

ფეისბუქი მე წამოვიწყე და სიცოცხლის ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები იმაზე, რაც ამ პლატფორმაზე მოხდება, მე სერიოზულად ვუდგები იმას, რაც ფეისბუქის მომხმარებელთა დაცვას ეხება. ეს არ ცვლის იმას, რაც უკვე მოხდა, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან ვსწავლობთ და ჩვენს პლატფორმას უფრო უსაფრთხოს გავხდით მომავალში.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვისაც კვლავ გჯერათ ჩვენი მისიის და ჩენთან ერთად მუშაობთ. ვიცი, რომ იმაზე მეტ დროს წაიღებს ამ საკითხების გამოსწორება, ვიდრე ვისურვებდით, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და გრძელვადიანად შემოგთავაზებთ უკეთე მომსახურეობას” – წერს ცუკერბერგი.


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სულ უფრო მწვავდება კრიზისი ფეისბუკის გარშემო – ირკვევა, რომ სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემი უკანონოდ გამოიყენეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში ტრამპის სასარგებლოდ.

რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

როგორც CNN წერს, ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ. აღნიშნული ქმედება ფეისბუკის იმდროინდელი წესებით ნებადართული იყო. როგორც კოგანი ამბობს, აღნიშნული ტესტი მას ფეისბუკმომხმარებლების ონლაინ ქცევის შესასწავლად სჭირდებოდა.

ალექსანდრ კოგანმა თავისი აპლიკაციის 270 ათასი ამერიკელი მომხარებლის მონაცემი პირდაპირ მოიპოვა. გარდა ამისა, მან შეაგროვა ამ მომხარებლების მეგობართა პერსონალური მონაცემები, რამაც, ჯამში, 50 მილიონ ადამიანს მიაღწია.

The New York Times-ის ინფორმაციით, კოგანმა აღნიშნულ ადამიანთა პერსონალური მონაცემები Cambridge Analytica-ს მიაწოდა (ამ კომპანიას კავშირი არ აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტთან).

იმ დროისთვის, ანუ 2015-2016 წლებში, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა. ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com