ახალი ამბები

ბიზნესმენის ბრალდებაზე, რომელიც მღვდელს ცემაში ადანაშაულებს, გამოძიება დაიწყო

25 მარტი, 2018 • 1983
ბიზნესმენის ბრალდებაზე, რომელიც მღვდელს ცემაში ადანაშაულებს, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენის ბრალდებაზე, რომელიც მღვდელსა და მის მრევლს ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს, გამოძიება დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

“ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”, – ვკითხულობთ სისხლის სამართლის კოდექსში.

რ2-ის ინფორმაციით, კომპანია მწვანე ეზოს მფლობელი ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარ გიორგი რაზმაძეს, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ლევან ჯიქური ამტკიცებს, რომ ტაძრის ეზოში მღვდელმა მოტყუებით შეიყვანა, 15-მდე ადამიანი დაახვედრა, ჯერ თავად სცემა, შემდეგ კი მორწმუნეებს მოსთხოვა, მასზე ეძალადათ.

“დაპირისპირება კომპანია მწვანე ეზოს მფლობელსა და მღვდელს შორის ბზისა და ყვავილების გამო დაიწყო. სასულიერო პირმა კომპანიას მონასტრის გამწვანება შეუკვეთა, ეზოში დარგული ბზა გახმა, ამის შემდეგ მამა გიორგიმ კომპანიის მფლობელს დაურეკა და თანხის უკან დაბრუნება სთხოვა”, – იუწყება რუსთავი 2.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. ასევე, იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირები.

“გამოძიებას, რომ ხელი არ შეეშალოს, კომენტარისაგან თავს ვიკავებ”, – განუცხადა რუსთავი 2-ს მღვდელმა გიორგი რაზმაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი