ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზეპირი შეთანხმება ჟენევაში – ქართული მხარე გეგმებზე ღიად არ საუბრობს

24 მარტი, 2018 • 2166
ზეპირი შეთანხმება ჟენევაში – ქართული მხარე გეგმებზე ღიად არ საუბრობს

27-28 მარტს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე აფხაზურ მხარე იმედოვნებს, რომ მიაღწევენ ზეპირ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ქართული მხარე ადასტურებს ზეპირი დეკლარაციის  შესაძლებლობას, თუმცა ჯერჯერობით ღიად არ საუბრობს რას აპირებენ.

ჯერ კიდევ 9 მარტს,  დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ძალიან ახლოს არიან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ შეთანხმებასთან:

“ვიმედოვნებ, ამ რაუნდზე საშუალება გვექნება მივიღოთ ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასთანაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ”.

შესაძლო ზეპირი შეთანხმება დღეს თბილისში დისკუსიის საგანი გახდა. საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა  ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა და განმარტებები მოთხოვა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ საქართველომ  არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შეთანხმებაში, რომელიც ,,ჟენევის ფორმატში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს”.

ამ თემაზე ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა, რომელმაც დაადასტურა, რომ იხილება ჟენევაში ზეპირი განცხადების [დეკლარაციის] საკითხი, თუმცა ნათლად არ უთქვამს რას აპირებს ქართული მხარე:

“ძალის გამოუყენებლობის შესახებ მუშაობა ამჟამად არ დაწყებულა, 2012 წლიდან მიმდინარეობს , ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო ეს.  მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არგამოყენებაზე ვალდებულება და თუნდაც ის შეთანხმება, სავარაუდოდ შეთანხმება, რომელზეც საუბარია, არ ხსნის დღის წესრიგიდან იმას, რომ რუსეთის ფედერაციამაც აიღოს იურიდიულად სავალდებულოდ ძალის არ გამოყენება. ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო,  რომ არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება. ეს იქნება ერთგვარი დეკლარაცია, თუკი იქნა, ყოველგვარ სპეკულაციებს ჩვენ მგონი უნდა მოვერიდოთ, … ეს პროცესი არ დამთავრებულა, მოგეხსენებათ დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც ავღნიშნე, 2012 დან მიდის და როდის დამთავრდება, ძნელია ამაზე საუბარი. თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული და შეაძლოა შემდეგ რაუნდებზეც გაგრძელდეს, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მისაღები იქნება იქ მხარეებისთვის  ზეპირ დებულებაში დებულებები”.

ზალკანიანის თქმით, “თუ შესაძლებელი გახდება ზეპირი დეკლარაციის მიღება, აუცილებელია ეს იმისთვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების იმპლემენტაცია დაიწყოს”. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც დაწყებამდე დისკუსიის საგანი გახდა, 27-28 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი