თამარ ონიანი თუ შალვა კაკაურიძე- ვინ გახდება იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი?

დღეს მოსამართლეების რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს წევრი უნდა აირჩიონ.

მოსამართლეების რიგგარეშე კონფერენციაზე კანდიდატებად უკვე დაასახელეს თამარ ონიანი თუ შალვა კაკაურიძე. მოსამართლეებმა არჩევანი ფარული კენჭისყრით სწორედ ამ მოსამართლეს შორის უნდა გააკეთონ. 

კონფერენციის დაწყებამდე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ მომავალი წევრი “უკვე ცნობილია”. 

ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი სავარაუდოდ გიორგი ტყავაძე გახდებოდა:

“ტყავაძის არჩევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თვეზე მეტია სასამართლო სისტემაში. ყველამ იცის წინასწარ, თუ ვის აირჩევენ. ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელის ავტორიც მიხეილ ჩინჩალაძეა”.   

კანდიდატის წინაწარ შერჩევის ტენდენციაზე საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. 

თუმცა ტყავაძის კანდიდატურა კონფერენციაზე არავის დაუყენებია.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაში 277 მოსამართლე მონაწილეობს.
იუსტიციის საბჭოში წევრის ადგილი ვაკანტური იმის შემდეგ გახდა, რაც ლევან თევზაძეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, რისი მიზეზიც მისი თბილისის სააპელაციო სასამაღლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავჯდომარედ არჩევა გახდა.

რა ვიცით კანდიდატებზე:

თამარ ონიანი – ის 11 იანვარს უვადოდ დანიშნეს მოსამართლედ.  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

შალვა კაკაურიძე – 2012 წლის ივნისიდან არის გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან