სოხუმიდან ჩამოსული სტუდენტი: ჩემს მომავალს თბილისში ვხედავ

სტუდენტთა მობილობის პროცესში სოხუმელი სტუდენტებიც არიან ჩართული. მობილობით სტუდენტები სოხუმის უნივერსიტეტიდან თბილისის უმაღლეს სასწავლებლებშიც ირიცხებიან. მათ შორისაა 21 წლის გელა ხასაია.

გელა ხასაია სოხუმში 2017 წლის ბოლომდე ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა, მესამე კურსიდან სწავლის გაგრძელება თბილისში გადაწყვიტა.

რატომ თბილისი?

სოხუმში ცხოვრების პერიოდში საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ სამშვიდობო პროექტებში ვმონაწილეობდი. ამ პროექტების ფარგლებში თბილისში წელიწადში 2-3-ჯერ ჩამოვდიოდი და მეტნაკლებად კარგად ვიცნობდი აქაურ სიტუაციას.

რამდენიმე მიზეზი მქონდა, რატომაც სწავლა თბილისში გადავწყვიტე. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ძალიან მინდოდა სოციოლოგიის მიმართულებით სწავლა. სოხუმში ასეთი ფაკულტეტი არ გვქონდა. ისევე როგორც არ არსებობს იქ სამედიცინო ფაკულტეტი.

საქართველოში სტუდენტთა მობილობის შესახებ ვიცოდი, თუმცა, არ ვიცოდი თუ   მობილობით თბილისში გადმოსვლა ასეთი მარტივი იყო. მხოლოდ სოხუმის უნივერსიტეტიდან სწავლის დამადასტურებელი საბუთი დამჭირდა. ყველაფერი დანარჩენი თავადვე მოაგვარეს.

საბოლოოდ, თბილისში სოხუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გავხდი. ერთი კურსით უკან დამსვეს.

განსხვავებები თბილისსა და სოხუმში ცხოვრებას შორის

აქ მეტი გასართობი სივრცეა. ღამის ცხოვრება აქტიურია. იქ კი საღამოს 9 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღარ დადის. ან ტაქსით, ან ფეხით უნდა იმოძრაო. აქ ბევრი კლუბია. იქ უფრო რესტორნის ტიპის კაფეებია.

იქ არავინ საუბრობს ლგბტ თემის ადამიანებზე. ეს თემა ტაბუდადებულია. ამის გამო, ეს ადამიანები თავს ძალიან შეზღუდულად გრძნობენ. ხმამაღლა იქ არავინ იტყვის რომ გეია. არცერთი ორგანიზაცია, თუ უფლებადამცველი არ გამოვა და მათ უფლებებს ღიად არ დაიცავს.

თუმცა, მაინც სოხუმი ყოველთვის იყო და დარჩება ჩემს საყვარელ ქალაქად. მართალია, ბევრი გასართობი ადგილი არ არის, მაგრამ მეგობრებთან ერთად ხშირად გავდიოდით ქალაქგარეთ, პიკნიკებზე და ძალიან კარგად ვერთობოდით. სხვა ტიპის გართობაა იქ. მარტოც რომ ვიყო, ზღვასთან მივდივარ და ვკითხულობ.

სოხუმში

სტერეოტიპები ერთმანეთზე

სოხუმში ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი, საქართველოში ლგბტ თემა როგორი აქტუალურია და ამ ყველაფერს ევროპასთან ინტეგრაციას უკავშირებენ. ამბობენ ხოლმე, ეს გინდათ ქართველებს? რეალურად ძალიან მცირე ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რა ხდება აქ. ინფორმაციას საქართველოს შესახებ ძირითადად რუსული მედიიდან იღებენ.

სიტყვის, ქცევის, ჩაცმულობის თავისუფლება აქ ბევრად მეტია. იქ ერთი განსხვავებული აზრიც უკვე პრობლემას გიქმნის. ვიცოდი, რომ ამ მხრივ, სხვა სიტუაცია იყო აქ, დიდწილად ამ თავისუფლებამაც განსაზღვრა ჩემი აქ ჩამოსვლა. ვერ ვიტყვი, რომ დიდი თავისუფლებაა აქაც, მაგრამ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. სოხუმში თითქმის ყველა ყველას იცნობს. აქ არ ვიცნობ ადამიანებს და უფრო თავისუფლად ვარ.

არც აქ არსებობს სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. როცა ჩამოვედი, გარშემო ისეთ კითხვებს სვამდნენ, ძალიან მიკვირდა. მაგალითად, ლექტორებიც და სტუდენტებიც ფიქრობდნენ, რომ იქ უნივერსიტეტში სწავლის დონე ძალიან დაბალია. ეს დამოკიდებულია ფაკულტეტებზე, თუმცა, რომ ვადარებ, მაინც არ ვფიქრობ,  რომ სწავლის ხარისხით ჩამოუვარდება იქაური უნივერსიტეტი აქაურ, სოხუმის უნივერსიტეტს, სადაც ვსწავლობ. რა თქმა უნდა, არის აქ უფრო რეიტინგული უმაღლესი სასწავლებლებიც, სადაც სავარაუდოდ, სხვა მდგომარეობაა.

ძალიან მწყინს, როცა აქ ამბობენ, რომ იქ ყველაფერი გაპარტახებულია და არანაირი ინფრასტრუქტურა არაა. ხშირად ამის დასადასტურებლად ვიზუალურ მასალასაც გვაჩვენებენ. ეს ასე არ არის. ეს ხომ იგივეა, რომ ძველი თბილისის და ცენტრალური თბილისის ფოტოების ნაცვლად ვინმეს მაგალითად სამგორის რაიონის ფოტოები აჩვენო. რეალურად, სოხუმში ბევრი რამ შენდება, კაფეები, მაღაზიები.

ახალი ათონიც ძალიან ტურისტული და მოწესრიგებულია, რასაც ვერ ვიტყვით ოჩამჩირეზე და ტყვარჩელზე, რომლებიც მკვდარი ქალაქებია.

ჩემი სოხუმელი მეგობრები

ჩემი სოხუმელი მეგობრები ჩამოდიან ხოლმე აქ. მე მათ საინტერესო ადგილებს ვაჩვენებ. ძირითადად, გასართობად და ექსკურსიებზე ჩამოდიან. ზაფხულში კიდევ აპირებენ, სვანეთი აინტერესებთ ძალიან. აქ ჩამოსვლა საკმაოდ მარტივი პროცედურაა მათთვის. თუმცა, ამას არ ასაჯაროვებენ.

რას ფიქრობენ აფხაზი ახალგაზრდები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

რა თქმა უნდა, ისინი არ აღიარებენ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად, თუმცა უნდათ მიმოსვლა, მეგობრობა. სხვანაირად ფიქრობს დღეს ახალი თაობა იქ. უფროსი თაობისგან განსხვავებით, ნაკლებად აგრესიულები არიან ყოველივე ქართულის მიმართ. პირიქით, ძალიან აინტერესებთ აქაური ამბები და ღირსშესანიშნაობები.

ხშირად მეკითხებოდნენ პოლიტიკაზე, “მართლა ჩვენი მიწა სურთ ქართველებს?” უჩნდებათ შეკითხვები, თუ რატომ უშლის საქართველო მათ ხელს საზღვარგარეთ სწავლაში. რატომ ვერ მიდიან საზღვარგარეთ და რატომ ეუბნებიან საელჩოები მათ, რომ ჯერ თბილისში ჩავიდნენ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ საკითხებზე, თუმცა, არაფერს ვუმტკიცებთ ერთმანეთს. მე მესმის კიდეც მათი. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აფხაზეთს აფხაზეთი ერქმევა თუ საქართველო. მთავარია ჩვენს შორის მშვიდობა იყოს.

ზოგადად კი ვფიქრობ, რომ რაც მეტი უკეთესი გაკეთდება ამ ქვეყანაში, მით მეტად დაინტერესდებიან აფხაზებიც.

განათლების მიღების შესაძლებლობა სოხუმში

თერთმეტი კლასის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდებისგან განსხვავებით, გამოცდები იქ ფაკულტეტების შესაბამისად ტარდება, ზოგან მხოლოდ გასაუბრებაც საკმარისია. პირიდად მე, ინგლისური ენის ფილოლოგიაზე აფხაზეთის ისტორიისა და რუსული ენის ჩაბარება მომიწია.

კურსზე სულ 30 სტუდენტი ვიყავით. ჩვენს შორის აფხაზური ენა მხოლოდ 5-6-მა სტუდენტმა თუ იცოდა. სწავლება ძირითადად რუსულ ენაზეა. აფხაზური ენა კვირაში მხოლოდ ერთხელ გვიტარდებოდა.

მაგისტრატურაზე სასწავლებლად თითქმის ყველა რუსეთში მიდის. როგორც მახსოვს, სოხუმში მხოლოდ ორ ფაკულტეტს აქვს მაგისტრატურა.

სოხუმში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტია და იქ 4000-მდე სტუდენტი სწავლობს. დანარჩენი კოლეჯებია. სწავლის გადასახადი უნივერსიტეტში წელიწადში დაახლოებით, 45 ათასი რუბლია [2000 ლარამდე]. თუმცა, მე გადასახადის გადახდა არ მიწევდა, რადგან გალის კვოტით ჩავირიცხე. გალში სკოლაში დაახლოებით ათი წელი ვსწავლობდი.

უნივერსიტეტში ჯგუფში მხოლოდ ორი ქართველი ვიყავით და ამას ხმამაღლა ვამბობდი. არ მახსოვს ამის გამო ვინმეს პრობლემა შეექმნას ჩვენთვის. ზოგჯერ ლექტორები მეწინააღმდეგებოდნენ რომ ჩემი გვარი რეალურად აფხაზურია და მეც აფხაზი ვარ. როდესაც აქეთ გადმოვდიოდი, ყველას ძალიან დაწყდა გული და ამას ღიად გამოხატავდნენ.

ოჯახი

ჩემი ოჯახი აფხაზეთში ცხოვრობს – დედა, მამა და ძმა. სახლში მეგრულად და რუსულად ვსაუბრობდით. აქ რომ ჩამოვედი ქართულად საუბრის კომპლექსი მქონდა და მგონი დავძლიე უკვე.

მომავალი

ჩემს მომავალს თბილისში ვხედავ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი