ახალი ამბებიგართობა

გამოავლინეს მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები – სია

23 მარტი, 2018 • 4280
გამოავლინეს მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები – სია

ავიაციის სფეროში ავტორიტეტულმა კომპანია Skytrax-მა, რომელიც ავიაკომპანიებისა და აეროპორტების რეიტინგს მომხმარებელთა გამოკითხვის საფუძველზე რეგულარულად ადგენს, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები გამოავლინა.

უკვე ორი ათეული წელია, საუკეთესო აეროპორტებს შორის პირველობას არავის უთმობს სინგაპურის ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, რეიტინგული აეროპორტების ათეული არ შეცვლიცა, თუმცა ამ ათეულში შემავალთა პოზიციები ოდნავ შეიცვალა.

საუკეთესო აეროპორტების ათეული ასე გამოიყურება:

1. სინგაპური, ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი

სინგაპური. ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი

აღნიშნული აეროპორტი უკვე წლებია ინარჩუნებს მსოფლიო საუკეთესო აეროპორტის სტატუსს. ის 2017 წელს 60 მილიონამადე ადამიანს მოემსახურა, რომლებიც მსოფლიოს 100 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. ჩანგის აეროპორტი იმითაც გამოირჩევა, რომ მისი ეზო და სატრანზიტო ზონები, ფაქტობრივად, სხვადასხვა ჯიშის მზესუმზირის ბაღს წარმოადგენს.


გარდა ამისა, აეროპორტი მოგზაურებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს უფასო კინოთეატრს, სადაც უახლესი ბლოკბასტერები გადის, ასევე, საცურაო აუზსა და გართობის სხვა საშუალებებს.

2. სამხრეთ კორეა, ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტი

სამხრეთ კორეა. ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტი.

ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და პოპულარული აეროპორტია, რომელიც მუდმივად ხვდება ლიდერთა შორის.

3. იაპონია, ტოკიო. ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი

ტოკიო. ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო: ვიკიპედია.

ჰანედას აეროპორტმა მსოფლიო მოგზაურთა ყურადღება არაერთი მიზეზით მიიქცა. ის აერთიანებს როგორც რეგიონულ, ისე – საერთაშორისო აეროპორტებს. ჰანედას აეროპორტი 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე სუფთა და საუკეთესო რეგიონულ აეროპორტად დასახელდა.

4. ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი

ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი 100-მდე ავიაკომპანიას ემსახურება, რომლებიც 180 მიმართულებით დაფრინავენ. 2018 წლის ათეულში მყოფი აეროპორტების მსგავსად, ჰონგ კონგის აეროპორტიც უკვე წლებია, ლიდერთა შორისაა.

ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო: Wikimapia

ის ასევე არის გამარჯვებული საუკეთესო სატრანზიტო და კვებისთვის ყველაზე კომფორტული აეროპორტების კატეგორიაში.

5. ყატარი, დოჰა. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი

დოჰა, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის პრემიუმ ტერმინალი.

ჰამადის საერთაშორისო აერპორტი ყატარის დედაქში მდებარეობს და ის განთქმულია როგორც ყველაზე ძვირფასი და ასევე, არქიტექტურულად გამორჩეული აეროპორტი. გარდა საუკეთესოთა ათეულში მეხუთე ადგილისა, ამ აეროპორტმა ახლო აღმოსავლეთში 2018 წლის საუკეთესო აეროპორტის სტატუსიც მოიპოვა.

6. გერმანია. მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი

მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტს, მაღაზიებისა და კვების ობიექტების სიმრავლის გამო, ხშირად, ქალაქის ცენტრსაც კი ადარებენ. ის ავიაკომპანია ლუფთანზას მეორე ყველაზე დიდი ჰაბია. მიუნხენის აეროპორტმა 2018 წლის ევროპის საუკეთესო აეროპორტის ნომინაციაში გამარჯვებაც მოიპოვა.

7. ნაგოია. ცენტრალური იაპონიის საერთაშორისო აეროპორტი

ეს იაპონური აეროპორტი 2014 წელს 10 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. ის, ძირითადად, რეგიონულ ავიარეისებს ემსახურება, თუმცა ავიაკომპანიები აქედან საერთაშორისო რეისებსაც ასრულებენ როგორც აზიის, ისე – ამერიკის მიმართულებით. 2018 წელს ცენტრეარმა საუკეთესო რეგიონული აეროპორტის სტატუსი მოიპოვა.

8. დიდი ბრიტანეთი, ლონდონი. ჰითროუს აეროპორტი

ლონდონი. ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტი

ჰითროუს აეროპორტი დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტია. მას მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსიც ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში დუბაის აეროპორტმა აჯობა. თუმცა, ის მაინც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტადაა მიჩნეული.

9. შვეიცარია. ციურიხის საერთაშორისო აეროპორტი

ციურიხის ეს აეროპორტი შვეიცარიაში ყველაზე დიდია. ის შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების ჰაბს წარმოადგენს.

10. გერმანია. ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტი

ფრაკფურტის აეროპორტი 98 ავიაკომპანიას ემსახურება, რომლებიც მსოფლიოს 105 ქვეყნის 250 მიმართულებით დაფრინავენ. სწორედ აქ არის ბაზირებული უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია ლუფთანზა.

The Skytrax World Airport Awards მსოფლიოში ყოველწლიურად ატარებს მასშტაბურ გამოკითხვას ავიამოგზაურებს შორის და სწორედ ამის საფუძველზე ადგენს რეიტინგებს. ორგანიზაცია 1999 წელს დაფუძნდა და როგორც აცხადებენ, ის არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც არ იღებს დაფინანსებას რომელიმე ავიაკომპანიისგან, ან ავიაციის სფეროსთან დაკავშირებული კომპანიისგან. კომპანიამ 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე ონლაინ 13,7 მილიონი მოგზაური გამოკითხა. მათ მსოფლიოს 550 აეროპორტი და ასეულობით ავიაკომპანია ისეთი კრიტერიუმით შეაფასეს, როგორებიცაა მომსახურების ხარისხი, სისუფთავე, პერსონალის კვალიფიციურობა, პრობლემების გადაჭრის ეფექტურობა და ა.შ. გამოკითხვა ჩატარდა ინგლისურ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. ერთ მოგზაურს მხოლოდ ერთი კითხვარის შევსება შეეძლო. საბოლოოდ, ყველაზე რეიტინგულების ასეული გამოქვეყნდა.

ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი.

საუკეთესო ასეულში ვერ მოხვდნენ საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის აეროპორტები. 64-ე ადგილი დაიკავა ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა. 68-ე ადგილი მიენიჭა მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტს, 74-ე კი – დომოდედოვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი