ახალი ამბები

რატომ გადასცეს 13 ათასზე მეტი ვეტერანის პერსონალური ინფორმაცია კერძო კომპანიას

23 მარტი, 2018 • 8718
რატომ გადასცეს 13 ათასზე მეტი ვეტერანის პერსონალური ინფორმაცია კერძო კომპანიას

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა კერძო კომპანიას 13 ათასზე მეტი ვეტერანის საიდენტიფიკაციო და პირადი მონაცემი გადასცა, რის შემდეგაც ამ კომპანიას აქტივობები აღარ განუხორციელებია.

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ვეტერანის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური საცხოვრებელის მისამართი, ტელეფონის ნომერი – სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ათასობით ვეტერანის შესახებ ეს მონაცემები ერთ-ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდა.

საქმე ეხება კომპანია “ჯორჯიან ფორ ვეტერანსს”, რომელიც, 2015 წლის 21 ივლისს დარეგისტრირდა, 3 დღის შემდეგ, 24 ივლისს კი – ვეტერანების სამსახურთან დადო მემორანდუმი, რომელიც ამ მონაცემების გადაცემას და ვეტერანებისთვის ფასდაკლებისა და სასაჩუქრე ბარათების დამზადებას ითვალისწინებდა.

ვეტერანების საინდეტიფიკაციო მონაცემები მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლითაც არაერთი ქვეყნის საგარეო დაზვერვაა დაინტერესებული.

2018 წლის იანვარში აშშ-ში ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის მონაცემთა ბაზის ყოფილ მენეჯერს ვეტერანების პერსონალური მონაცემების გაყიდვის მცდელობა წაუყენეს ბრალად.

2013 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიონობით ვეტერანის შესახებ სენსიტიური ინფორმაციის მისაღებად აშშ-ის ვეტერანთა დეპარტამენტის ვებ-გვერდზე  ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა.

Politico ასევე წერს, რომ უცხო ქვეყნის დაზვერვისთვის სოციალურმა მედიამ უფრო ადვილი გახადა ჯარისკაცებსა და ვეტერანებზე გასვლა, მაგალითად, “ფიდელის კბერუსაფრთხოების” თანამშრომელი ჯონ ბამბენეკი ამბობს, რომ რუსეთი ერთ-ერთია იმ საგარეო ძალებიდან, ვინც სოციალურ მედიას იყენებს აშშ-ს სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. მისივე თქმით, ზოგიერთი მეთოდი რთული არ არის – მაგალითად, ლამაზი ქალი უგზავნის სამხედროს მეგობრობის თხოვნას.

აუდიტის დასკვნის თანახმად, 2016 წლის 9 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, “ჯორჯიან ფორ ვეტერანსს” 13 463 ვეტერანის პერსონალური მონაცემი აქვს გადაცემული.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, პერსონალური მონაცემები გადაცემულია ვეტერანების თანხმობით, მათთვის ფასდაკლების ტალონებისა და სპეციალური სასაჩუქრე, საკრედიტო და სადებეტო ბარათების დასამზადებლად. თუმცა, კომპანიას მონაცემების მიღების შემდეგ არაფერი გაუკეთებია.

ნეტგაზეთს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთა წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდა. ჩვენ დავინტერესდით, რით უზრუნველყო სამსახურმა, რომ დაცული ყოფილიყო ვეტერანების პერაონალური ინფვორმაცია.

ვეტერანების სამსახურს ასევე ვკითხეთ, თუ რა იყო მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი, ითვალისწინებდა თუ არა ხელშეკრულება “ჯორჯიან ფორ ვეტერანს”-ისთვის რაიმე ტიპის სანქციას მონაცემების გადაცემის შემდეგ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; “ჯორჯიან ფორ ვეტერანსმა” მათ შესთავაზათ თანამშრომლობა თუ სამსახური დაინტერესდა მათთან თანამშრომლობით; ასევე, თუ ითვალისწინებდა ხელშეკრულება გაწეულ მომსახურებაში ანაზღაურების გადახდას.

წერილში, რომელიც ვეტერანების სამსახურმა გამოგვიგზავნა, არ არის პასუხი გაცემული, თუ როგორ იყო უზრუნველყოფილი ვეტერანების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. ამ პასუხიდან ირკვევა, რომ “ჯორჯიან ფორ ვეტერანსი” ვებ-გვერდისა და ფასდაკლების ბარათის დამზადებას უფასოდ სთავაზობდა.

მათ მიერ ჩვენ კითხვებზე გაცემული პასუხი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ:

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პასუხი

როგორც ვეტერანების სამსახურის პასუხიდან ირკვევა,  “ჯორჯია ფორ ვეტერანსმა” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები, ამიტომ, ხელშეკრულება შეწყვიტეს და კომპანიამ მონაცემები სამსახურს დაუბრუნა. 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსაც. მათ განაცხადეს, რომ ვეტერანების სამსახურმა„ჯორჯიან ფორ ვეტერანსს“ 13 463 ვეტერანის პერსონალური მონაცემები ვეტერანთა  თანხმობის საფუძველზე გადასცა.

“შემოწმების ფარგლებში ინსპექტორის აპარატმა შეამოწმა წერილობითი თანხმობები და დაუკავშირდა ვეტერანებს, რომელთაც დაადასტურეს ფასდაკლების ბარათების დამზადების მიზნით მათი მონაცემების გადაცემაზე თანხმობის გაცემის ფაქტი,”- განგვიცხადეს ინსპექტორის აპარატში.

კომპანია “ჯორნჯიან ფორ ვეტერანსი” ვეტერანების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრუელბიდან სამი დღით ადრე, 2015 წლის 21 ივლისს ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში რეგისტრირებულმა კომპანია “ფორტუნაჰოლდინგმა” დააარსა და მის 100% ფლობს. “ჯორჯიან ფორ ვეტერანსის” დირექტორი საქართველოში დაბადებული, ისრაელის მოქალაქე რაფაელ მაღალაშვილია. “ფორტუნაჰოლდინგის” აქციონერები, რეესტრის დოკუმენტების თანახმად, ისრაელში დაბადებული პირები არიან, რომელთა ნაწილი ნიდერლანდებში, ნაწილი კი – ისრაელში ცხოვრობს.

“ჯორჯიან ფორ ვეტერანსის” წესდების თანახმად, შპს-ს საქმიანობის ძირითადი მიზანი სოციალურ სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელებაა.

რას ჰყვება რაფაელ მაღალაშვილი?

“ჯორჯიან ფორ ვეტერანსის” დორექტორი, რაფაელ მაღალაშვილი სრულიად სხვა ისტორიას გვიყვება.

იგი ამბობს, რომ არსებობდა პროექტი საზღვრისპირა რეგიონების გასაძლიერებლად, ვეტრანებისა და მათი ოჯახებისთვის იქ სოფლების ასაშენებლად და სოფლის მეურნეობაში მათ ჩასართავად.  ეს პროექტი “ფორტუნა ჰოლდინგს”  უნდა დაეფინანსებინა. სახელმწოფომ 2015 წელს საპილოტე პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის განსახორციელებლად 200 000 დოლარი გამოუყო. კვლევა ჩატარდა, თუმცა, სახელმწიფომ შემდეგ თანამშრომლობა არ გააგრძელა.

მაღალაშვილი ამბობს, რომ “ჯორჯიან ფორ ვეტერანსი” ამ დიდი პროექტის ნაწილი იყო და ვეტერანებისთვის ფასდაკლების ბარათების დამზადებას ითვალისწინებდა, შესაბამისად, ამიტომაც გამოითხვეს ინფორმაცია ვეტერანების სამსახურიდან მათ შორის, ვეტერანების მისამართების შესახებ. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მათ სჭირდებოდათ, რადგანაც, ვეტერანების დასაქმების ვალდებულებას იღებდნენ.

იგი ნეტგაზეთთან საუბროსას ამბობს, რომ მათ კი არ თქვეს უარი ამ პროექტზე, არამედ – სახელმწიფომ აღარ გააგრძელა თანამშრომლობა და “ფორტუნა ჰოლდინგი” მზადაა, რომ შესაბამისი პირობებით, გააგრძელოს ეს პროექტი.

რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, რომ ვეტერანების პერსონალური ინფორმაცია  უკან ჩააბარეს ვეტერანების სამსახურს ისე, რომ არც კი გაუხსნია ეს მონაცემები.

“უკან ჩავაბარე ყველაფერი, ხელიც არ მომიკიდია, როგორც მომცეს, ისე ჩავაბარე… ფასდაკლებების ბარათები მინდოდა დამემზადებინა. უკანონოდ არავის არაფერი არ გადმოუცია. ყველაფერი მოხდა იურიდიულად ხელმოწერებით და ა.შ. აქ ჩაფიქრებული იყო ძალიან დიდი პერსპექტივა ქვეყნის განვითარებისთვის. ჩაშალეს ასეთი კარგი პროექტი,”- ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე წაიკითხავთ, თუ რა პროექტი არსებობდა ვეტერანების სოფლის შესახებ და რატომ ჩაიშალა ის:

“წყალში გადაყრილი $200 000” – რა ბედი ეწია “ვეტერანების სოფლის” პროექტს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი