ახალი ამბები

გუდაურის საბაგიროს ექსპერტიზის დასკვნა – თანამდებობა ორმა მაღალჩინოსანმა დატოვა

23 მარტი, 2018 • 3528
გუდაურის საბაგიროს ექსპერტიზის დასკვნა – თანამდებობა ორმა მაღალჩინოსანმა დატოვა

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარის გამო მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 23 მარტს, ეკონომიკის სამინისტრომ “ბიურო ვერიტასის” ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის პირველადი ვერსია გასაჯაროვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვითარების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ “საძელეზე” ძაბვის ვარდნის გამო საბაგირო მართლაც გაითიშა.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ოპერატორმა შეცდომა დაუშვა, რადგან მან ინსტრუქციის მიხედვით არ იმოქმედა.

“საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტულ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს დიზელ-გენერატორზე გადართვა და შემდგომში იქ არსებული არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს,“ – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

მინისტრის თქმით, ამჟამად ოპერატორი საქმიანობას აღარ აგრძელებს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკუთარი სურვილით თანამდებობები დატოვეს მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დასკვნით მიხედვით საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია და მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი