ახალი ამბები

ზვიად დევდარიანი “სიდას” დირექტორი აღარ არის

22 მარტი, 2018 • 3268
ზვიად დევდარიანი “სიდას” დირექტორი აღარ არის

ზვიად დევდარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს,  არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას”  აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის გამგეობის სხდომაზე დღეს, 22 მარტს მიიღეს.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით გადადგომის თაობაზე განცხადებით გამგეობას, დევდარიანმა მიმართა.

“სიდას გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროვებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს”, – ნათქვამია ორგანიზაციის 22 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 

პრესრელიზის თანახმად, გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: სოფიკო შუბლაძე (გამგეობის თავმჯდომარე), კონსტანტინე მაღრაძე, ზურაბ ვასაძე, აგიტ მირზოევი და თამარ გერმანაშვილი.

ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე – პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით. მის გამგეობას 8 წევრი ჰყავს.


17 მარტს  “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა.

ზვიად დევდარიანმა პასუხში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი