ახალი ამბებისამართალი

სასამართლოს არაერთგვაროვნება გახმაურებულ და ნაკლებად ცნობილ საქმეებზე- EMC

22 მარტი, 2018 • 1663
სასამართლოს არაერთგვაროვნება გახმაურებულ და ნაკლებად ცნობილ საქმეებზე- EMC

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულის განხილვისას გახმაურებულ და რიგით საქმეებზე სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გახმაურებულ საქმეებს სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტებით განიხილავს, ვიდრე ამას იმ შემთხვევებში აკეთებს, როცა საქმის მიმართ ანალოგიური საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობს.

ანგარიში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა, 2017 წელს საერთო სასამართლოების მიერ მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში გამოტანილ 68 განაჩენის ანალიზს ეფუძნება. სწორედ ამ პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ გახმაურებულ საქმეზე, (მიხეილ თათარაშვილისა და დავით ხარშილაძის საქმეები) გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და EMC-ის შეფასებით მტკიცებულებათა შეფასების მაღალი სტანდარტი აჩვენა.

ორგანიზაციამ ანგარიშში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოკვეთა. მათ შორისაა, ოპერატიული ინფორმაცია, რომელის საფუძველზეც ხშირ შემთხვევაში გამოძიება იწყება.

EMC-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პირადი ჩხრეკა უმეტეს შემთხვევებში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდება, რომელზეც არც საპროკურორო და არც სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება და პოლიციელთა ჩვენებას ეფუძნება:

“ერთ-ერთი კარგი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ იმსჯელა ოპერატიული ინფორმაციის სანდოობაზე და მის შეთავსებაზე საქმის სხვა მტკიცებულებებთან, იყო მიხეილ თათარიშვილის საქმე,  როდესაც სასამართლო დეტალურად აფასებდა, ოპერატიული ინფორმაცია როდის იყო მიღებული, შემდეგ რის საფუძველზე, როდის ჩატარდა ხაშურში ჩხრეკა და რამდენად თავსებადი იყო ეს მონაცემები” – ამბობს EMC-ის იურისტი გურო იმნაძე.

იმნაძის თქმით საქმეში გამოვლინდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიმღებმა, წინასწარ,  1 საათით ადრე იცოდა, რომ ადამიანი მოულოდნელად, კონფლიქტის საფუძველზე დატოვებდა კონკრეტული რესტორნის ტერიტორიას და სურამის გზატკეცილზე მარტო აღმოჩნდებოდა.

თათარაშვილის შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. თუმცა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკა გახმაურებულ და  ნაკლებად ცნობილ საქმეებზე განსხვავებულია:

“უნდა აღინიშნოს, რომ  სხვა შემთხვევებში არ არის გაზიარებული დაცვის მხარის პოზიციები ოპერატიული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით.

პროცედურა რომ განვმარტოთ, ინფორმატორისგან შემოდის ინფორმაცია, შემდეგ ინფორმაციის მიმღები პოლიციელი იკითხება მისი კოლეგის მხრიდან და უკვე ეს მტკიცებულება როგორც წესი საკმარისია უკვე იმისთვის, რომ ჩატარდეს ჩხრეკა”, – ამბობს იმნაძე.

EMC-ის იურისტის თქმით, შესწავლილი საქმეებიდან, მხოლოდ 2 შემთხვევაშია შესწავლილი ოპერატიული ინფორმაციის შინაარსი სასამართლოს მიერ. ანგარიშის მიხედვით, საინტერესო სტანდარტი განავითარა სასმართლომ დავით ხარშილაძის საქმის განხილვისას:

“დავით ხარშილაძის საქმეში ასევე,  რომელიც გახმაურებული იყო, სასამართლომ ძალიან საინტერესო სტანდარტი განავითარა, რომ ოპერატიული ინფორმაცია გარკვეული პერიოდით ადრე იყო მიღებული და პოლიციელებს ჰქონდათ დრო რეაგირება მოეხდინათ ფაქტზე, იმის დროც ჰქონდათ ადამიანს დალოდებოდნენ სანამ იმ ტერიტორიაზე მივიდოდა, რომელიც ოპერატიული ინფორმაციით იცოდნენ.

ამ დროს უფრო გონივრული იქნებოდა პოლიციას თან ჰქონოდა ვიდეოგადამღები აპარატურა და ვიდეო გადაღება განეხორციელებინა ჩხრეკის, რათა შემდეგ ეს საგამოძიებო მოქმედება ურო მაღალი სანდოობის ყოფილიყო, რაც არ გააკეთა პოლიციამ და სასამართლო ამას პრობლემურად უყურებს” – ამბობს იმნაძე.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ორგანიზაციამ გამოკვეთა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა – შენახვის საქმეებში, შეძენის ნაწილის ბუნდოვანებაა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეძენის ნაწილზე როგორც წესი, არასათანადო ყურადღება მახვილდება:

“თუკი  ნარკოდანაშაულის სტატიტიკას გადახევთ, 100 პროცენტში წერია ნარკოტიკული საშუალების შეძენა – შენახვა, თუმცა შეძენაზე არ მახვილდება ყურადღება. სამართალდამცავები უბრალოდ მიუთითებენ, რომ გამოძიებისთვის დაუდგენელ ვითარებაში მოხდა ამ საშუალების შეძენა. თუმცა გამამტყუნებელ განაჩენშიც მაინც წერია ხოლმე შეძენა-შენახვა და არა მხოლოდ შენახვა”, – ამბობს იმნაძე.

EMC-ის იურისტის თქმით, ეს ერთი შეხედვით ფორმალური საკითხი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების ჩადებაზე მიუთითებს:

“საკითხი პრობლემურია მაშინ, როცა მაგალითად ბრალდებული მიუთითებს, რომ მას ეს ნივთიერება ჩაუდეს, ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეძენის წყაროები რამდენად აქვს პოლიციას გამორკვეული. რამდენად ეცადა მაინც, რომ დაედგინა საიდან შეიძინა და როდის, რომ მათ შორის ამით გაამყაროს შენახვის ბრალდება, რასაც ვერ ვხედავთ მათი მხრიდან”, – ამბობს იმნაძე.

ანგარიშში ყურადღება ჩხრეკის სტანდარტებზეცაა გამახვილებული. EMC-ში აცხადებენ, რომ ჩხრეკის კანონიერება როგორც წესი სამართალდამცავის კეთისინდისიერებას ეფუძნება, რადგან არ არსებობს ვალდებულება პოლიციისთვის ჩხრეკის ვიდეოგადაღება აწარმოოს, ან პროცესს ნეიტრალური პირი დაასწროს:

“კანონი დღეს სამართალდამცავებს არ ავალდებულებს ჩხრეკა ტარდებოდეს ვიდეოტექნიკის გამოყენებით,  ამიტომ დაბალია ჩხრეკის დასაბუთებულობის ხარისხი. ნეიტრალური დამსწრის ინსტიტუტიც გაუქმდა. შესწავლილი საქმეებიდან მხოლოდ ერთშია ჩხრეკის სტანდარტზე ყურადღება გამახვილებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ თუნდაც პოლიციელის პირადი მობილური ტელეფონით რომ მომხდარიყო  ჩხრეკის პროცესის გადაღება, ესეც გარკვეულწილად ხელშემწყობი იქნებოდა ამ ღონისძიების კანონირების” – ამბობს იმნაძე.

თუმცა ამ მიმართულებითაც, პრაქტიკის არაერთგვაროვნებაზე მეტყველებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები:

“ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გამოიჩეოდა ბრალდებულის საწინააღმდეგო მსჯელობებით. ქუთაისის საააპელაციო სასმარტლომ პირდაპირ ეჭვი მტკიცებულებებთან დაკავშირებით გადაწყვიტა არა ბრალდებულის სასრგებლოდ,  რაც სასმართლო მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპია, გადაწყვიტა პროკურორის სასარგებლოდ.

ერთ-ერთი პირდაპირ უკავშირდებოდა ჩხრეკას.  როდესაც ჩხრეკის ვიდეო კადრების ექსპერტიზა ჩატარდა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული დრო ეწინაარმდეგებოდა ვიდეოს ჩაწერის დროს ეს პირდაპირ მიუთითებს გარკვეულ ეჭვზე.

ამაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  გამამართლებელი განაჩენი გმაოიტანა, თუმცა როდესაც პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა მოსამართლემ განავითარა მსჯელობა, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება მობილური სხვა დროით სარტყელში ყოფილიყო და ეს ეჭვი გმაოიტანა საფუძვლად შეეცვალა განაჩენი” – ამბობს იმნაძე.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ როგორც წესი, მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ართგვაროვანი არ არის. ეს იმაში გმაოიხატებოდა, რომ თუ არ ჩავთვლით გახმაურებულ საქმეებს, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დანარჩენ საქმეებში სასამართლო პოლიციელთა ჩვენებებს უაპელაციოდ იღებდა:

“ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში, სასამართლომ განმარტა, რომ მხარეების მიერ წინააღმდეგობრივი პოზიცების დაფიქსირებისას, პრიორიტეტი არ უნდა მიენიჭოს პოლიციელის ჩვენებას. ასეთ დროს მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს აკისრია, რომ გააქარწყლოს მხარის მიერ წარმოდგენი წინააღმდეგობრივი და გონივრული ეჭვები პროკურორის პოზიციებთან დაკავშირებით.

თათარიშვილის საქმეში მისი მეგობრები უთითებდნენ, რომ პოლიციელებმა კანონის დარღვევით განახორციელეს ჩხრეკა, თუმცა პროკურატურა ამბობდა რომ ისინი მეგობრები არიან და ჩვენება არაა სანდო. მაშინ მოსამართლემ დაუპირისპირა საპირისპირო მსჯელობა, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელების ჩვენებაც შეიძლება არ ყოფილიყო სანდო, რადგან შეიძლება არსებობდეს კოლეგიალური ინტერესი დაფარონ დანაშაული”,  – ამბობს EMC-ის იურისტი.

რაც შეეხება ბიოლოგიურ-გენეტიკურ ექსპერტიზებს, რომლითაც დგინდება არის თუ არა ნარკოტიკულ საშუალებაზე, ან მის შეფუთვაზე ბრალდებულის ბიოლოგიური კვალი, EMC-ის თქმით, შესწავლილი საქმეების დიდ ნაწილში გაუგებარია ბრალდების მხარეს ჰქონდა თუ არა მტკიცებულებად ეს ექსპერტიზა წარდგენილი:

“აქ ნათელია, რომ სასამართლო ნარკოდანაშაულში საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ მტკიცებულებას. დავით ხარშილაძის საქმეში, როდესაც ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა ბრალდებულის კვალი  ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე, სასამართლომ ძალიან საინტერესო მსჯელობა განავითარა.

ბრალდებული ამ საქმეშიო ამბობდა, რომ მისი ქურთუკი გამქრალი იყო საქმეში, რადგან პოლიციელებმა ის საქმეს მტკიცებულებად არ დაურთეს. ბრალდებული უთითებდა, რომ მისი ბიოლოგიური კვალი შეიძლება პოლიციას ქურთუკიდან აეღო. ამის რისკი სასამართლომ კარგად დაინახა და მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო პოლიციას ეს ბიოლოგიური კვალი მოეპოვებინა ბრალდებულის ტანისამოსიდან და მივიღეთ გამამართლებელი განაჩენი”, – ამბობს იმნაძე.

თუმცა, მეორე მხრივ, ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ორგანიზაციამ შეისწავლა, გენეტიკური კვალის არარსებობა ფოლგაზე, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა, სასამართლომ ეჭვის საფუძვლად არ მიიჩნია.

მთლიანობაში, 2017 წლის 6 თვის პერიოდში მიღებული განაჩენების შესწავლის შედეგად, EMC აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე სასამართლოს განმარტებები, გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, არსებითად განსხვავდება ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით არსებულ სხვა განაჩენების დასაბუთების ხარისხისგან.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რიგით სისხლის სამართლის საქმეებში, მოსამართლეთა მიერ საქმეთა ინდივიდუალური შესწავლა და კონკრეტული გარემოებების სათანადო ხარისხით შეფასება არ ხდება და უმეტეს შემთხვევაში, სასამართლო მოწმე პოლიციელთა ჩვენებების მტკიცებითი ძალის პრივილეგირებას ახდენს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ  –  EMC: ნარკოდანაშაულის დავებში 2017 წელს ბრალდებულთა მხოლოდ 1.15% გაამართლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი