ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტროს საოფისედ ნაქირავებ შენობაში უკვე 1,8 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადახდილი

22 მარტი, 2018 • 1915
ეკონომიკის სამინისტროს საოფისედ ნაქირავებ შენობაში უკვე 1,8 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადახდილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2 წელია იჯარით აღებულ შენობაშია და ქირას სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. შენობის დაქირავებისთვის უკვე 1 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარია [ექვივალენტი ლარში] გადახდილი. საიჯარო ხელშეკრულებით ერთი თვის გადასახადი 75 ათასი აშშ დოლარი [ექვივალენტი ლარში] იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნაქირავები შენობა მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე უნდა დაცალოს. ის ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს შენობაში [სანაპიროს ქ. N2] განთავსდება. გადასვლის პროცესი დაწყებულია. სამინისტროში პასუხი ვერ მივიღეთ კითხვაზე, რამდენ ხანში მორჩება სამინისტრო ახალ მისამართზე გადასვლის პროცესს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის ქ. 10ა-ში, ნაქირავებ შენობაში 2016 წლის 1 აპრილს გადავიდა, სამინისტროს ყოფილი შენობა [თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში] კი აუქციონზე სახელმწიფომ 9,45 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

შენობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 19%-ი უკვე კერძო კომპანიის ანგარიშზეა გადარიცხული, საიჯარო ქირის სახით.

ეკონომიკის სამინისტროსთვის, შენობის დაცლიდან ერთ წელში ახალი შენობა უნდა აშენებულიყო, თუმცა, სამინისტრო დღემდე ნაქირავებ შენობაში აგრძელებდა მუშაობას.

თბილისში, ჭოველიძის ქ. 10ა-ში შენობა სამინისტრომ  შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ იქირავა.

„ბიზნეს ცენტრი ბელინსკიზე“ „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის“ მიერაა დაფუძნებული. „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ კი 2013 წელს დააფუძნა ცაცა კვირიკაშვილმა. კომპანიის დარეგისტრირების პროცესში ცაცა კვირიკაშვილის მინდობილი პირი იყო მისი შვილი გიორგი ზაქაიძე, რომელიც რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, ამ ორივე კომპანიის დირექტორია.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თბილისში, ჭოველიძის ქ. 10ა-ში მდებარე შენობის მესაკუთრე არის შპს „ბელინსკის 10ა“. ამავე ამონაწერით, ეს კომპანია არის მეიჯარე, მოიჯარე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. იჯარის ხელშეკრულებად დოკუმენტში მითითებულია ის ხელშეკრულება, რომელიც სამინისტროსა და „ბიზნეს ცენტრი ბელინსკიზე“-ს შორის გაფორმდა 2016 წელს.

შპს „ბელინსკის 10ა“ ასევე დაკავშირებულია ცაცა კვირიკაშვილის ოჯახთან. ეს კომპანია შარშან დააფუძნა „ბიზნეს ცენტრი ბელინსკიზემ“, ხოლო დღეს მისი მესაკუთრეა კომპანია [„ადია ბიზნეს ჯგუფი“], რომლის 100-ივე პროცენტს ფლობს ცაცა კვირიკაშვილის შვილი ნინო ზაქაიძე.

რაც შეეხება გიორგი ზაქაიძეს, ის ერთ-ერთი შპს „ტიფლის დეველოპმენტის“ მფლობელი და დირექტორიც იყო. გიორგი ზაქაიძე 2014 წელს ნოშრევან ნამორაძეს და მის ოჯახს კომპანიის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებდა. ნოშრევან ნამორაძე სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ძმაზე, დავით კოდუაზე თავდასხმაში იყო ბრალდებული; ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე კი დავით კოდუასთან დაპირისპირების მიზეზად „ტიფლის დეველოპმენტში“ მხარეებს შორის არსებულ ბიზნესინტერესებს ასახელებდა.

რეესტრის ბოლო ამონაწერით გიორგი ზაქაიძე შპს „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორია, თუმცა წილის 100-ივე პროცენტი უკვე ყაზახეთის მოქალაქეს ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი