აქვს თუ არა ბეჟუაშვილს ინტერესი “სტერეო პლუსის” მიმართ – სასამართლო დავა

“სტერეო პლუსის” დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს კომპანიის ხელში ჩაგდება აქვს განზრახული. ამის შესახებ დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ზილფილიანის ქონებას ყადაღა დაედო. 

2018 წლის 19 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ ორი პალატის: საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გააუქმა და დააკმაყოფილა შ.პ.ს Chemexim International-ის სარჩელი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “სტერეო პლუსის” მეწილის, დავით ზილფიმიანის ქონებას ყადაღა დაედო.

როგორც დავით ზილფილიანმა ნეტგაზეთს უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგად ყადაღა დაედო მის წილს “სტერეო პლუსშიც”. დავით ზილფილიანის განცხადებით, ამ პროცესის უკან დავით ბეჟუაშვილი დგას. საჯარო რეესტრის თანახმად, შპს Chemexim International ფლობს შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის 100%-იან წილს და ის მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული. შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იგივე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია, რომლის გენერალური დირექტორი დავით ბეჟუაშვილია.

“იმის გამო, რომ მე ამ წუთში 900 ათასი ლარი არ მაქვს ანგარიშზე, ანგარიშები დამიყადაღდა. ავტომატურად, ერთი თვის ვადაში, ეს იწვევს ჩემი ქონების სანაცვლოდ გასხვისებას. შესაბამისად, დღეს “სტერეო პლუსში” ეს წილი ისევ ჩემია, მაგრამ დაახლოებით სამ კვირაში  ჩემი ქონება აუქციონზე უნდა გაიტანონ, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება ჩავარდეს Chemexim International-ის ხელში,” – აცხადებს დავით ზილფილიანი.

დავით ბეჟუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ დავით ზილფილიანს Chemexim International-ის ვალი ჰქონდა და მას სასამართლომ კონკრეტული თანხის გადახდა დააკისრა.

“ფიზიკურ პირს დავით ზილფილიანს ჰქონდა კომპანიის ვალი. ამ ვალს არავითარი შეხება არ აქვს “სტერეო პლუსთან”. მას დაეკისრა სასამართლოს მიერ კონკრეტული თანხის გადახდა.  Chemexim International-მა მიმართა აღმასრულებელს და აღმასრულებელმა პროცედურის მიხედვით ყადაღა დაადო მის ქონებას. მათ შორის მოხვდა მისი წილი “სტერეო პლუსში”. არანაირი ზეწოლა არ არის. გადაიხდის თანხას და ყადაღა მოეხსნება,” – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი განმარტავს, რომ Chemexim International დავით ბეჟუაშვილის კომპანიაა და დავა ორ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს. მისი თქმით, კომპანიას არანაირი ინტერესი “სტერეო პლუსის” წილის მიმართ არ აქვს.

“სტერეო პლუსის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია. კომპანიის ინფორმაციით,  2014 წლის ივლისში “სტერეო პლუსმა” გაიმარჯვა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში და მისი საქმიანობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფა გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.