ახალი ამბები

შსს-ში სანდრო ბრეგაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

21 მარტი, 2018 • 1497
შსს-ში სანდრო ბრეგაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დაკითხვა დაახლოებით საათნახევრის წინ დაიწყო. გამოკითხვაზე მისვლამდე სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა.

სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით მივიდა, როგორც ექიმებს განუცხადა, ჰქონდა “გულყრები”, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახა და კლინიკაში მივიდა.

ექიმებმა გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ ბრეგაძეს არ ჰქონდა გარეგნული დაზიანებები და ნევროლოგიური მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მან მაინც საავადმყოფოში დარჩენა არჩია.“ქართული მარშის” წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრეგაძეს პოლიციამ სცემა, რაც არ დაადასტურეს შსს–ში. პოლიციას ბრეგაძის დაკითხვა სურს “რუსთავი 2″–თან 19 მარტს გამართული აქციის თაობაზე.

“ქართული მარშის” წევრებმა ტელეკომპანიასთან აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქრისტეს შესახებ იხუმრა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ აქციაზე დაკავებულ 5 ადამიანს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობაში ედება ბრალი, რაც 2–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

განახლება

შსს-ში სანდრო ბრეგაძის გამოკითხვა დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერის გამოკითხვა რუსთავი 2-თან მომხდარ ინციდენტზე კიდევ მოხდება.

“სანდრო ბრეგაძემ ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა. გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, იგი პოლიციაში კვლავ იქნება დაბარებული გამოსაკითხად,”-აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი