ახალი ამბები

კახა კალაძე სითი პარკზე – არანაირი გადავადება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს

21 მარტი, 2018 • 1831
კახა კალაძე სითი პარკზე – არანაირი გადავადება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს

თბილისის მერია სითი პარკის ხელშეკრულებაზე მიღებული გადაწყვეტილების გადავადებას არ აპრებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ კომპანიასთან მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც ურყო.

“არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. სასამართლომ სარჩელი, როცა მათ შეიტანეს, არ დააკმაყოფილა. არანაირი გადავადება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს. 10 აპრილიდან საქმიანობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეუდგება,”-აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

“სითი პარკის” ადვოკატებმა, ნათია წკეპლაძემ და ალექსანდრე იოსელიანმა თბილისის მერს განცხადებით დღეს, 21 მარტს მიმართეს, რომ კომპანიასთან სასამართლო დავის დასრულებამდე გადავადდეს ხელშეკრულების შეწყვეტის უკვე გამოცხადებული თარიღი. კომპანიის იურისტი თამარ შუბითიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიას სასამართლოში თბილისის მერიის წინააღმდეგ ორი სარჩელი აქვს შეტანილი. სარჩელი ეხება მერიის მიერ 2017 წლის აგვისტოში და ოქტომბერში გაცემულ განკარგულებებს.

“სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს. თბილისის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს, ან მომავალში როგორ მოხდება პარკირების სისტემის მენეჯმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი