მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ლაილა გადის შეხვდა.

ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პირადი ჩართულობისთვის, იუნისეფის წარმომადგენელმა მინისტრს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, პირველ რიგში კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევა სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ყოველგვარ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადი განათლების ხარისხის გაზრდასთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში ძალადობისგან თავისუფალი უსაფრთხო გარემოს შექმნა, სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მხარეებს შორის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) შორის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ პროექტს, რომელიც საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის შეფასებასა და შემდგომში სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. მხარებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის სხვადასხვა კომპონენტებსა და დროში გაწერილ აქტივობებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წარმატებულ პროექტს, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობის აქტივობების განხორციელებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი