ახალი ამბები

რა გეგმების აქვს “დმანისის გადარჩენის ფონდს” აუქციონის მოგების შემდეგ

21 მარტი, 2018 • 2570
რა გეგმების აქვს “დმანისის გადარჩენის ფონდს” აუქციონის მოგების შემდეგ

საყდრისის საბადოს მიმდებარე 16 ჰექტარი მიწის იჯარით განკარგვაზე აუქციონის მოგების შემდეგ, “დმანისის გადარჩენის ფორნდმა” მიწის ნაკვეთსა და მის გარშემო არსებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები გამოითხოვა.

როგორც გიორგი ვაშაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, “დმანისის გადარჩენის ფონდში” ეჭვი აქვთ, კომპანია RMG Gold-ი, რომელიც ამ ტერიტორიის იჯარით შესყიდვით იყო დაინტერესებული, უკანონოდ მას უკვე იყენებს:

“ჯერჯერობით ჩვენ შევიტანეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ დამატებით ინფორმაციას ამ მიწასთან დაკავშირებით, ზუსტ კორდინატებს და მის გარშემო არსებულმიწებთან დაკავშირებით… იმიტომ, რომ გვაქვს დამაჯრებელი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მიწა არის უფლებრივად ნაკლული, ანუ RMG გოლდი გარკვეული ტერიტორიებით უკვე სარგებლობს. მის მომიჯნავედ არსებულ ტერიტორიებზე კომპანიას არ აქვს უფლება, თუმცა სარგებლობს ამ ტერიტორიებით” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ “საყდრისის კომიტეტმაც” გააკეთა, ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვდნენ, რის საპასუხოდაც, RMG-მ განაცხადა, რომ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს.

ვაშაძის თქმით, ამის პარალელურად, “დმანისის გადარჩენის ფორნდი” სამოქმედო გეგმას ქმნის, თუ როგორ მოაგროვოს აუქციონის ბოლოს დაფიქსირებული თანხა.

შეგახსენებთ, საყდრისის მაღაროს მიმდებარედ 16 ჰექტარი ფართობის მიწაზე  იჯარის უფლება გიორგი ვაშაძემ 5 056 320 ლარად მოიპოვა. სწორედ ის დარეგისტრირდა ონლაინ აუქციონზე შემსყიდველად მას შემდეგ, რაც “დმანისის გადარჩენის ფონდს” აუქციონში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

“დმანისის გადარჩენის ფონდი” 14-მდე პოლიტიკური პარტიისგან შედგება. ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლების მოპოვებაზე აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასმა 5 მილიონს გადააჭარბა.

აუქციონი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვა მონაწილეების მიერ ფასის მომატების შემთხვევაში გიორგი ვაშაძე აუქციონზე მცირედით მომატებულ ფასს აფიქსირდება. სწორედ ასე გაიზარდა თანხა 15 000 ლარიდან 5 მილიონამდე. თუ გამარჯვებული მხარე აუქციონის ბოლოს დაფიქსირებულ თანხას არ გადაიხდის, ის აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილ საგარანტიო თანხას დაკარგავს, რომელიც ამ შემთხვევაში 3 750 ლარს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი