ახალი ამბებიხელოვნება

ილია ჭავჭავაძის დროინდელი სასამართლოს შენობის აღდგენის მოთხოვნით მთავრობას პეტიციით მიმართავენ

21 მარტი, 2018 • 2770
ილია ჭავჭავაძის დროინდელი სასამართლოს შენობის აღდგენის მოთხოვნით მთავრობას პეტიციით მიმართავენ

პოტიციების სამთავრობო პორტალზე ითხოვენ დუშეთში მდებარე ისტორიული შენობის აღდგენას, სადაც ილია ჭავჭავაძე მოსამართლედ მუშაობდა.

დუშეთის ისტორიული სასამართლოს შენობის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია 2018 წლის 9 მარტს მოქალაქე ლია როინიშვილმა შექმნა. 21 მარტის მდგომარეობით მას 42 ადამიანი აწერს ხელს.

აღნიშნულ შენობაში ილია ჭავჭავაძე, 1864-1873 წლებში მომრიგებელ შუამავლად, შემდეგ კი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

“ეს შენობა წლებია მიტოვებულია და დღეს ფიზიკური განადგურების წინაშეა. მას ისტორიულ-მემორიალური მნიშვნელობაც გააჩნია, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, და ქალაქ დუშეთის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლის შესრულებაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილია თავად მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია, როდესაც ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, თუ კერძო მესაკუთრე აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს. ვითხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ დაუყონებლივ გამოძებნილი იქნას ფინანსური რესურსი ილიასეული სასამართლო შენობის გადასარჩენად”, – წერენ პეტიციაში.

ეს არაა პირველი პეტიცია, რომლითაც ამ შენობის აღდგენას ითხოვენ. სხვა პეტიციის საიტებისგან განსხვავებით, თუ სამთავრობო პორტალზე  პეტიციას 10 000–ზე მეტი მოქალაქე მოაწერს ხელს, მაშინ შესაძლებელია, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილონ და დააკმაყოფილონ ან არ დააკმაყოფილონ პეტიციის მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი