საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 7 ახალი მღვდელმთავარი ჰყავს

სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 7 ახალი მღვდელმთავარი ჰყავს. ამასთან, ორი ეპისკოპოსი პენსიაზე გავიდა.

სინოდის სხდომა საპატრიარქოში დღეს დილიდან მიმდინარეობს. სხვა ინფორმაციას საპატრიარქო ამ დროისთვის არ ავრცელებს, მათ შორის, ამ ეტაპზე არ სახელდება ახალი მღვდელმთავრების ვინაობა, ასევე, არც იმის შესახებ ცნობა ვრცელდება, გაიყო თუ არა ეპარქიების ნაწილი ორად.

 

დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტის, ზოსიმე შოშიაშვილის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე, ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ორი მიტროპოლიტის პენსიაზე გასვლის შესახებ, ესენი არიან- თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი და მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ვახტანგი.

 

შეგახსენებთ, რომ მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტს ვახტანგ ახვლედიანს ბოლო რამდენიმე თვეა ხმამაღლა უპირისპირდება მრევლის ნაწილი. მარგვეთის ეპარქიაში მრევლმა მეუფის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. მათ მიმართეს სინოდს ამ საკითხის თაობაზე, ხოლო პატრიარქმა ილია მეორემ ამ საკითხის შესწავლა მეუფე იაკობს დაავალა. საბოლოოდ, მიტროპოლიტ ზოსიმეს თქმით, სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით მეუფე ვახტანგი პენსიაზე გავიდა.

 

ახალი მღვდელმთავრების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება, საპატრიარქოს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი ახალი მღვდელმთავარი ხაშმის მამათა მონასტრის წინამძღვარი მიქაელ ყაზიშვილია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი.