ახალი ამბები

მერაბიშვილი: ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა

11 ოქტომბერი, 2013 • 828
მერაბიშვილი: ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა

“ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს”, – აცხადებს მერაბიშვილი. 

მისივე თქმით, კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს:

 

“რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება – მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება”, – აცხადებს მერაბიშვილი.


ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ვანო მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული, 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერების მიტინგის დაშლას უკავშირდება. ნინო ბურჯანაძე 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი