ახალი ამბები

ღუდუშაურში აცხადებენ, რომ ბრეგაძე საავადმყოფოში თავისი მოთხოვნით დაწვა

21 მარტი, 2018 • 24739
ღუდუშაურში აცხადებენ, რომ ბრეგაძე საავადმყოფოში თავისი მოთხოვნით დაწვა

ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში თავისი სურვილით მივიდა, მას გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.

ღუდუშაურის კლინიკიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სანდრო ბრეგაძე საკუთარი სახლიდან სასწრაფომ მიიყვანა. როგორც თავად აცხადებდა, გულყრები ჰქონდა.

“როგორც თითონ ყვება, გუშინ ბინაზე ჰქონდა გულყრის ეპიზოდი. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, რაც ასეთ დროს ტარდება. მისი ნევროლოგიური სტატუსი იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი, არ აღენიშნებოდა გარეგანი დაზიანებები, არ საჭიროებდა კლინიკაში დარჩენას, მაგრამ პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე კლინიკაში დარჩა”, – გვითხრეს ღუდუშაურის კლინიკიდან.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ბრეგაძე გუშინ, 20 მარტს, გვიან ღამით მივიდა კლინიკაში. რამდენი ხნით მოითხოვს დარჩენას, არ იციან.

“როცა ჩვენ ვაწვენთ პაციენტს, ვიცით, დაახლოებით რა დაზიანებები,ა რა დრო სჭირდება, ამ შემთხვევაში ჩვენმა ექიმებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, [არ ვიცით, რა დროს გაატარებს სტაციონარში]”, – განგვიცხადეს საავადმყოფოდან.

“ქართული მარშის” წევრები აცხადებენ, რომ ბრეგაძეს პოლიციამ დაკითხვისას სცემა, რასაც შსს უარყოფს.

“ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით ექიმების თანხმობის შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის გაგრძელება”, – აცხადებენ შსს–ში.

19 მარტს “ქართული მარშის წევრებმა “რუსთავი 2″–თან აქცია გამართეს, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ ეთერში ქრისტეს შესახებ იხუმრა. “ქართული მარშის” 6 წევრის მიმართ პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მიხედვით გამოძიება დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

“ასეთი პრაქტიკა არ გვქონია” – სანდრო ბრეგაძე კლინიკაში რჩება

ბრეგაძე ღუდუშაურიდან გაწერეს და პოლიციაში დაკითხვაზე ელოდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი