ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილს ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება

20 მარტი, 2018 • 1689
ტატუნაშვილს ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, რომელიც ოსურმა მხარემ ერთთვიანი ლოდინის შემდეგ ქართულ მხარეს გადმოსცა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც ცხედარს ოჯახში, წილკანში გადაასვენებენ.

“ჩვენი ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე და ყველა შესაძლო მექანიზმი იქნა ამოქმედებული. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში და გვინდა განვაცხადოთ, რომ აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება. ამ მძიმე წუთებში კი მნიშვნელოვანია, ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოებას – ღირსეული პატივი მივაგოთ მას”, – აცხადებენ მინისტრის აპარატში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დღეს, 21 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ამ დრომდე ტატუნაშვილი ცხედარი ქართული მხარისთვის არ იყო გადმოცემული. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თითქმის ერთთვიანი დაგვიანება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ცხედარზე ექსპერტიზას ძალადობის კვალი არ აღმოეჩინა.

ოსური მხარის ცნობითვე, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”.


არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულად წაიკითხეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი