ახალი ამბები

საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

20 მარტი, 2018 • 1928
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ ისეთი სანთებელის გაყიდვა, რომელიც დაპროექტებული და აწყობილია იმგვარად, რომ ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში შეუძლებელია მისი გამოყენება 51 თვეზე მცირე ასაკის (4.3 წელი) ბავშვის მიერ.

რეგლამენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის დეკემბერში მიიღო და 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა, ავალდებულებს მწარმოებელს, შეინახოს და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს პროდუქტის ბავშვის მიერ მოხმარების რეზისტენტულობაზე ჩატარებული გამოცდის ანგარიში. უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, დაადასტუროს, რომ ბაზარზე განთავსებული ყველა სანთებელა თითოეულ პარტიაში შეესაბამება გამოცდილ მოდელებს. მუდმივად განახორციელოს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა გმაოიკვლიოს პროდუქტი.

პროცესზე ზედამხედველობა  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს  დაეკისრა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ისეთი სანთებელების ბაზრიდან ამოღება, რომლებიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, მსოფლიო გამოცდილებით, ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ბავშვების მიერ სანთებელების გამოყენებაა.

როგორც, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს, ამ პრობლემას აშშ-სა და ევროკავშირში ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიაქციეს ყურადღება. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ბავშვების მიერ სანთებელების გამოყენების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 5000 ხანძარი ჩნდებოდა, რასაც დაახლოებით 1150 ადამიანის დაზიანება და 170 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამ საფრთხის შესამცირებლად აშშ-ში აკრძალეს ისეთი სანთებელების გაყიდვა, რომელთა ანთებაც მცირეწლოვან ბავშვებს შეეძლოთ. ამან ხანძრებისა და მათგან გამოწვეული ზიანის 60%-ით შემცირება გამოიწვია. მოგვიანებით ასეთივე აკრძალვა დაწესდა ევროკავშირის ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი