ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „ყაზტრანგაზ-თბილისის” ყიდვას აპირებს

20 მარტი, 2018 • 3670
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „ყაზტრანგაზ-თბილისის” ყიდვას აპირებს

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „ყაზტრანგაზ-თბილისის” ყიდვას აპირებს. ინდუსტრიული ჯგუფის ინფორმაციით, ყაზახურ მხარესთან, კერძოდ,  კორპორაცია ყაზმუნაიგაზთან, შპს ყაზტრანგაზ-თბილისის საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

“გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე აუცილებელია საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს,”-წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთთან საუბრისას ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე გარიგების ღირებულებაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ ყაზახურ მხარესთან ყაზტრანგაზ-თბილისის ყიდვაზე მოლაპარაკება 2017 წელს დაიწყო.

“ბოლო რამდენიმე თვეა ყაზახურ მხარესთან გაყიდვაზე მოლაპარაკებები პერმანენტულად მიმდინარეობდა. ყაზმუნაიგაზი სახელმწიფო კორპორაციაა და ბიუროკრატია არსებობს, ანუ ბევრი გადაწყვეტილება მაღალ დონეზეა მისაღები. შესაბამისად, მოლაპარაკება რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს. ბევრი პრინციპული საკითხი უკვე მოგვარებულია, თუმცა არის იურიდიული დეტალები და, შესაბამისად, ამ იურიდიულ დეტალების მიხედვით გავდივართ საკითხებს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, უკვე ოფიციალურად განვაცხადებთ, რომ გარიგება შედგა,”-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

კომპანიის წარმომადგენელი იურიდიული საკითხების დასრულების კონკრეტულ თარიღს ჯერ არ ასახელებს.

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახური სს ”ყაზტრანგაზის” შვილობილი კომპანიაა. საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი  სააქციო საზოგადოება ყაზტრანსგაზია, რომელიც ყაზახეთშია რეგისტრირებული. სააქციო საზოგადოება ყაზტრანსგაზის მფლობელია ყაზმუნაიგაზი, რომელთანაც ინდუსტრიული ჯგუფი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი რამდენიმე ბიზნესსექტორში მოღვაწეობს: ელექტროენერგიის წარმოება და ვაჭრობა; ქვანახშირის წარმოება; საწვავითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა და სხვა. საჯარო რეესტრის თანახმად, ინდუსტიული ჯგუფი შემდეგ კომპანიებს ფლობს: შპს მტკვარი ენერჯი; შ.პ.ს საქნახშირი; შპს სიპაუერი. კომპანიის ინფორმაციით,  GIG (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) ჩართულია კომერციული უძრავი ქონების, სამშენებლო მასალების, სასმელებისა და ლითონის ნაწარმის ბიზნესში. ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

დავით ბეჟუაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტარია. იგი 1999- წლიდან 2016 წლამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი