ახალი ამბები

სალაძე: გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა

20 მარტი, 2018 • 5537
სალაძე: გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადება, რის გამოც არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა და გაბუნიას საყვედური გამოუცხადა,  გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცეოდა.

სულხან სალაძემ ეს განცხადება დღეს, 20 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ჩვენ განცხადებაში არ ყოფილა არანაირი მინიშნება, მათ შორის, იმაზე, რომ ის განცხადება, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა გადაცემის წამყვანთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ვეთანხმებით. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა გადაცემის წამყვანი და იქ რაიმე ტიპის სანქციაზე საუბარი აბსოლუტურად მოკლებულია რეალურ საფუძველს,”- განაცხადა სულხან სალაძემ.

გუშინ, 19 მარტს “ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები 18 მარტს რუსთავი 2-ზე გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობას აპროტესტებენ.  აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო”. 

ამ აქციას ძალადობა მოჰყვა – აქციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს  და არ უშვებდნენ ავტომობილს, რომელშიც გიორგი გაბუნია და იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

სულხან სალაძე ამბობს, რომ თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მისი რელიგიური გრძნობები შეილახა, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს.

“თუ ვინმე თვლის, რომ მის რელიგიურ შეხედულებებს ამით მიადგა ზიანი, მათ რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით შეუძლიათ გამოხატონ პროტესტი, მაგრამ, ის, რაც ხდებოდა რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არ ჯდება იმ სტანდარტში, რომლითაც შეიძლება მშვიდობიანი შეკრების ფორმით ადამიანებმა თავიანთი პროტესტი გამოხატონ,”- განაცხადა სულხან სალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ მედიასაშუალებას უნდა მიეცეს თავისუფლად მაუწყებლობის საშუალება და სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა აუცილებელი გარანტია, რომ ამ პროცესში ყველა ჟურნალისტი იყოს დაცული. საიამ 19 მარტს განაცხადა, რომ “რუსთავი 2-თან” გამართული აქციის მონაწილეთა ქმედებები სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი