ახალი ამბები

TI-ის დირექტორის მოადგილე ზვიად დევდარიანის მხარდაჭერის გამო ბოდიშს იხდის

20 მარტი, 2018 • 3341
TI-ის დირექტორის მოადგილე ზვიად დევდარიანის მხარდაჭერის გამო ბოდიშს იხდის

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი ზვიად დევდარიანის გამო ბოდიშს იხდის. ზვიად დევდარიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” აღმასრულებელი დირექტორია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა:

“მართლა შოკირებული და განადგურებული ვარ და მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას, ვისაც რამენაირად შეეხო ჩემი წინა, როგორც ირკვევა, არაადეკვატური პოსტები. სიტყვა “ვწუხვარ” ბოლომდე ვერ გამოხატავს იმას, რისი თქმაც მინდა. ვისთვისაც მეგობრობა და მეგობრის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. იმედია, გამიგებთ, რა მამოძრავებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულწრფელ ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც ეს შეგეხოთ.

ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრებასთან ერთად გული მერევა მათზე, ვინც იცოდა ეს ყველაფერი და სცადა ამის თავისი პირადი თუ მოპოლიტიკურო ღვარძლის ამონთხევის საშუალებად გამოყენება – ასეთ მომენტში და ასეთ საკითხზე ამისთვის რომ გცალიათ და ასე ბინძურად იყენებთ, მხოლოდ თქვენს მორალურ სახეზე მეტყველებს”, – წერს ონიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

გიორგი ონიანმა ზვიად დევდარიანის შესახებ გავრცელებული ბრალდებების შემდეგაც გამოაქვეყნა პოსტი  “ფეისბუქზე”, სადაც ამ ადამიანებს  “ტყუილის დამბრალებლები” უწოდა და მათ დედა შეაგინა. ონიანმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს მისი პირადი აზრია და არა ორგანიზაციის, სადაც მუშაობს. თავად “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” განმარტება არ გაუკეთებია ონიანის ფეისბუკ პოსტთან დაკავშირებით. რაც შეეხება დევდარიანის საქმეს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ამის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გამოხატავენ “წუხილსა” და “შეშფოთებას” დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით.


17 მარტს  “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა.

ზვიად დევდარიანმა პასუხში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი