ახალი ამბები

ვინ (არ) მიულოცა პუტინს არჩევნებში გამარჯვება

20 მარტი, 2018 • 3185
ვინ (არ) მიულოცა პუტინს არჩევნებში გამარჯვება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ქვეყნის არჩეულმა პრეზიდენტი ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებიდან მილოცვებს იღებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები კი პუტინისადმი შეტყობინებებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ევროპა

გერმანია

კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს გამარჯვება წერილობით მიულოცა და ორ ქვეყანას შორის დიალოგის წარმართვის იმედი გამოთქვა.

“უნდა ვეცადოთ, ერთად მივიღოთ ორმხრივი და საერთაშორისო გამოწვევები და მოვძებნოთ მათი გადაჭრის საშუალებები”, – აღნიშნა მან.

მანამდე, კანცლერის პრესსპიკერმა შტეფან სიბერტმა აღნიშნა, რომ “გერმანია ცხადად კრიტიკული რჩება რუსეთის მიმართ რიგ საკითხებთან დაკავშირებით – მაგალითად, სირია და უკრაინა”.

საფრანგეთი

კრემლის ოფიციალური გვერდის ცნობით, პუტინს გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. კოლეგასთან საუბრისას მაკრონმა სირიის კრიზისზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი კონფლიქტის დასასრულებლად იმუშავებს.  მანვე პუტინს მოუწოდა, რუსეთმა ნათლად გამოკვეთოს თავისი როლი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის გამოძიების საქმეში.

იტალია

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის გამარჯვებას ყველაზე დადებითადგამოეხმაურა იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, მატეო სალვინი და პუტინს გამარჯვება “ტვიტერზე” მიულოცა.

“კარგია, პრეზიდენტო!” – დაწერა მან.

მანამდე სალვინი რუსეთს რამდენჯერმე ესტუმრა და ბოლო ვიზიტისას, გასული წლის გაზაფხულზე, რუსეთის პარლამენტის ვიცესპიკერთან თანამშრომლობის შეთანხმებაც გააფორმა.

სალვინის პარტია “Lega Nord” კოალიცია “ხუთი ვარსკვლავის ლიგაში” შედის, რომელიც იტალიის 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა.

ლიტვა

მოსკოვმა ოფიციალური ვილნიუსისგან მილოცვის ნაცვლად მწვავე კრიტიკა მიიღო იმ დარღვევათა გამო, რომლებიც წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესში გამოვლინდა. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გააკეთა:

“ჩვენ ვერ ვუწოდებთ პროცესს თავისუფალსა და დემოკრატიულს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ტოტალური კონტროლის ფონზე. ასევე, არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას ყირიმში, რადგან ის არის არალეგალური და არღვევს უკრაინის მთლიანობას”.

ლინკევიჩუსმა ასევე აღნიშნა, რომ ლიტვის რუსეთთან ურთიერთობა კრემლის სამომავლო კურსზეა დამოკიდებული.

საქართველო

ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოსგან მილოცვა არ მიუღია.

დიდი ბრიტანეთი

რუსეთსა და ბრიტანეთს შორის მიმდინარე სკანდალის ფონზე, რომელიც ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საქმეს უკავშირდება, ბრიტანეთიდან პუტინს რაიმე სახის შეტყობინება არ მისვლია.

აშშ

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ვაშინგტონი გაოცებული არ არის. კომენტარი მედიასთან თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჰოგან გიდლიმ გააკეთა.

გიდლის თქმით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს  ვლადიმერ პუტინისთვის გამარჯვება არ მიულოცავს და მათ შორის არც სატელეფონო საუბარი არ შემდგარა:

“ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას რუსეთთან ურთიერთობისათვის და დიდ ფასსაც დავაწესებთ, თუ რუსეთი ჩვენს ინტერესებს დაემუქრება. თუმცა ვეცდებით, ადგილი გამოცნახოთ ერთობლივი მუშაობისთვისაც, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით.

აზია

ჩინეთი

ჩინეთის პრეზიდეტი სი ძინპინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის მესამედ არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა. მისალოც წერილში ვკითხულობთ:

“ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო დონეზეა ისტორიაში და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების მაგალითს წარმოადგენს.

“ჩინეთი მზადაა, იმუშაოს რუსეთთან ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, მოვმართოთ ძალები ორივე ქვეყანაში ნაციონალური განვითარებისა და რეგიონული და მსოფლიო მშვიდობის დამყარებისათვის”.

იაპონია

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, არჩევნებში გამარჯვება პუტინს ქვეყნის პრემიერ-მოინისტრმა სინძო აბემაც მიულოცა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტი ჩრდილოეთ კორეის საკითხია.

“ორივე მხარე შეთანხმდა, რომ განაგრძონ მუშაობა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული მასალისგან განიარაღებისთვის იმ სამიტებზე, რომლებიც უკვე მზადების პროცესშია ორ კორეასა და ამერიკა-ჩრდილოეთ კორეას შორის”, – აღნიშნა მან.

ირანი

“ვიმედოვნებ, თქვენი ახალი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება”, – აღნიშნა მისალოც წერილში ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ. მიმართვა ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 19 მარტს გამოქვეყნდა.

საუდის არაბეთი

მილოცვა პუტინმა საუდის არაბეთის გვირგვინოსანი პრინცისგან მიიღო. მუჰამად ბინ სალმანმა პუტინს “ჯანმრთელობა და ბედნიერება, რუს ხალხს კი – პროგრესი და სიმდიდრე” უსურვა.

რუსეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ირანთან, ისე მის მოწინააღმდეგე საუდის არაბეთთან.

ლათინური ამერიკა

ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცალსახად დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. ხელახლა არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება ბოლივიის, კუბისა და ვენესუელის ლიდერებმა მიულოცეს და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.


რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. მისი წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

  • ვლადიმერ პუტინი – 76,66 %;
  • პაველ გრუდინინი – 11,80 %;
  • ვლადიმერ ჟირინოვსკი – 5,66 %;
  • ქსენია სობჩაკი – 1,67 %;
  • გრიგორი იავლინსკი – 1,04 %;
  • ბორის ტიტოვი – 0,76 %;
  • სერგეი ბაბურინი – 0,68 %;
  • მაქსიმ სურაიკინი – 0,65 %.

საარჩევნო პროცესი უკვე გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. “ეუთოს” შეფასებით, არჩევნები კარგად დაგეგმილი იყო, თუმცა “ფუნდამენტურ თავისუფლებათა შეზღუდვების ფონზე და არაკონკურენტუნარიან გარემოში” ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი