ახალი ამბები

ქარტია მოითხოვს რ2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროულ გამოძიებას

20 მარტი, 2018 • 1731
ქარტია მოითხოვს რ2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროულ გამოძიებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად გამოიძიონ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებზე 19 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტი, რისი მიზეზიც გახდა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში წამყვანის, გიორგი გაბუნიას ტექსტი.

ქარტიის განცხადებით, ინციდენტის ამსახველი გავრცლებული ვიდეომასალებიდან იკვეთება არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, არამედ იძულების, ძალადობის და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულების ნიშნები: “მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა მომხდარს მისცენ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, გამოიძიონ ოპერატიულად და ეფექტურად, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მედიაზე იძალადეს.”

როგორც ეთიკის ქარტიის განცხადებაშია ნათქვამი, არ შეიძლება ჟურნალისტური პროდუქტი გახდეს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორების მიზეზი, იმის მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა ის პროფესიულ სტანდარტებს.

“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობა იყოს დაცული და ყველა მოქალაქე თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ. ჟურნალისტურ სტანდარტებზე სამსჯელოდ არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. სწორედ ეს პლატფორმებია ყველაზე ეფექტური ჟურნალისტის პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტილებების შესაფასებლად,” – აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.


19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი ძალადობის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან „ქართული მარშის“ აქტივისტები. პარალელურად, გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც.

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, ე.წ. ართული მარშის აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. მათ ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც გიორგი გაბუნია (რ2-ის წამყვანი) და თამთა მურადაშვილი (იურისტი) იმყოფებოდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეარხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

“გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული,” – ნათქვამია რ2-ის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი